2022 წლის 14 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღინიშნა ენების შემსწავლელი ცენტრის 10 წლის იუბილე. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაციის, სამსახურების და დეპარტამენტების წარმომადგენლები.
ენების ცენტრის ხელმძღვანელმა ასოც. პროფესორმა ნათია ზვიადაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია ენების შემსწავლელი ცენტრის 10 წლიანი საქმიანობის და მომავალი გეგმების შესახებ. ღონისძიება ინფორმაციულ ნაწილთან ერთად მოიცავდა სახალისო აქტივობებს, რომლებშიც დამსწრე საზოგადოება აქტიურად ჩაერთო. საიუბილეო დღეს კოლეგებმა გაიხსენეს და პატივისცემა გამოხატეს პროფესორ-მასწავლებლების მიმართ, რომელთა საქმიანობა სიცოცხლის ბოლო წლებში ენათა ცენტრს უკავშირდებოდა. აღინიშნა, რომ მათ მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს უნივერსიტეტის ისტორიაში. ღონისძიების ბოლოს, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა როლანდ კოპალიანმა მადლობის სიგელები გადასცა ენების შემსწავლელი ცენტრის ღვაწლმოსილ პედაგოგებს. ღონისძიება სამომავლო პერსპექტივების და სურვილების გაზიარებით დასრულდა.