ფერეიდანი (ისტორიულ-ფილოლოგიური რეალიები) - ასე ჰქვია წიგნს, რომლის წარდგენაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი, ადმინისტრაციის ხელძღვანელი კახა კუპატაძე, წიგნის ავტორები და სხვა სტუმრები დაესწრნენ.
მონოგრაფია უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებულ ქართველოლოგიის სამეცნიერო ცენტრში მომზადდა.
ავტორები: პროფესორი ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ასოცირებული პროფესორი ლუკა დვალიშვილი, პროფესორი ნესტან კუტივაძე, პრფესორი სულხან კუპრაშვილი და ასოცირებული პროფესორი ეკა დადიანი.
რედაქტორები: პროფესორი ნომადი ბართაია, ფერეიდნელი ქართველი, ქართველოლოგიური ენათმეცნიერების მიმართულების დოქტორანტი საიდ მულიანი.
წიგნი წარმოადგენს სამეცნიერო პროექტის - ირანში მცხოვრები ქართველები (ისტორიული და ფოლკლორულ-ლიტერატურული ნარკვევები) - ფარგლებში შექმნილ ნაშრომს. მასში წარმოჩენილია ისტორიული ავბედითობის გამო ირანში, კერძოდ კი ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა ისტორიული ყოფისა და კულტლურის საინტერესო წახნაგები. განხილულია ფერეიდანის თემა ქართულ პოეტურ დისკურსში.
უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა წიგნის ავტორებს მადლობის სიგელები გადასცა.
ქართველოლოგიის ცენტრი აგრძელებს მუშაობას როგორც ქართველული დიალექტური მასალის ჩაწერა-დამუშავება-შესწავლის კუთხით, ასევე უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის სათანადოდ კვლევა-ძიების მიმართულებით.