აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნუგეშა გაგნიძე ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტია. მისი მონოგრაფია „ცხოვრება ორ სამყაროში ̶ გრიგოლ რობაქიძე“ ნომინაციის „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“ ფინალისტია. წელს „საბას“ საიუბილეო წელი აქვს ̶ დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამდენად, ჩვენი უნივერსიტეტისა და ქალაქისათვის განსაკუთრებით სასიხარულოა პროფ. ნუგეშა გაგნიძის წარმატება.
2022 წლის 25-29 ივლისს თბილისში ჩატარდა შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი (International Comparative Literature Congress), რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტი და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი მასპინძლობდნენ. ფორუმი, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს, იმართება სამ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს წამყვან საუნივერსიტეტო ცენტრებში. კონგრესი პირველად 1955 წელს გაიმართა ვენეციაში (იტალია), ხოლო ბოლო კონგრესს მაკაუმ (ჩინეთი) უმასპინძლა. თბილისში ჩატარებული კონგრესის თემა იყო „მსოფლიო ლიტერატურების გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური მიმართულებები“. კონგრესის ფარგლებში გაიმართა გრიგოლ კიკნაძის სახელობის ლიტერატურათმცოდნეობითი პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონია.
გრიგოლ კიკნაძის ლიტერატურათმცოდნეობითი პრემია დაარსდა 2012 წელს, ლიტერატურათმცოდნეობის ქართული ასოციაციის მიერ. იგი გაიცემა სამ წელიწადში ერთხელ, საუკეთესო ლიტერატურათმცოდნეობითი მონოგრაფიის, სტატიისა და სამეცნიერო თარგმანის ნომინაციებში; ასევე, ლიტერატურათმცოდნეობით მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
გრიგოლ კიკნაძის ლიტერატურათმცოდნეობითი პრემია წელს გადაეცა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორს ნუგეშა გაგნიძეს საუკეთესო ლიტერატურათმცოდნეობითი მონოგრაფიისთვის „ცხოვრება ორ სამყაროში ̶ გრიგოლ რობაქიძე“. ამდენად, ეს პრემია პირველად წამოვიდა ქუთაისში.
პროფ. ნუგეშა გაგნიძემ შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესზე თბილისში წაიკითხა მოხსენება: „მედეას მითის დეკონსტრუქცია გივი მარგველაშვილისა და კრისტა ვოლფის შემოქმედებაში (გივი მარგველაშვილი, ,კოლხი მედეა კოლხოზში᾽. ,კრისტა ვოლფი, ,მედეა. ხმები)“