მ.წ. 1–2 სექტემბერს რომში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე აწსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტმანტის ასოცირებულმა პროფესორებმა ნინო ნიჟარაძემ, მაია ალავიძემ და ქეთევან დოღონაძემ და რუსული ფილოლოგიის პროფესორმა ინგა კიკვიძემ წარადგინეს პროექტი სახელწოდებით: „კულტურულად სპეციფიური კონტექსტი და ლექსიკა ქართული რომანის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი’–ს არაპირდაპირი თარგმანში რუსულიდან ინგლისურ ენაზე“.
კონფერენცია „საზღვრების გადაკვეთა თარგმანი(ებ)ის მეშვეობით“ იკვლევს თანამედროვე შედარებით თარგმანს ტრანსნაციონალური კვლევების უახლესი პერსპექტივების საფუძველზე. კვლევების მიზანია შეისწავლოს თარგმანის „საზღვრის გადაკვეთის პოტენციალი’, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ნათარგმნი ტექსტის გავლენის გამოკვლევას სხვა ნათარგმნ ტექსტზე ან ერთმანეთთან დაკავშირებული მთარგმნელების/თარგმანების შედარებას, რომლებიც იზიარებენ თარგმანის მსგავს ხედვას. სწორედ ამ კუთხით აღმოჩნდა საინტერესო ჩვენი ფაკულტეტის წევრების მიერ წარდგენილი მოხსენება, რომელშიც გაანალიზებული იყო რუსული თარგმანის გავლენა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ინგლისურ თარგმანზე. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. მომხსენებლებმა მიიღეს შეთავაზება გააგრძელონ მუშაობა აღნიშნულ პროექტზე, რომელიც ეტაპობრივად დაიბეჭდება შედარებითი კვლევების ამსახველ ჟურნალში.