აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნუგეშა გაგნიძე „საბა 2022“ წლის გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“. მისი ნაშრომი „ცხოვრება ორ სამყაროში - გრიგოლ რობაქაძე“ ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო მონოგრაფიად იქნა მიჩნეული.
ლიტერატურული კონკურსის ორგანიზატორების აზრით, „იმ წლიდან, რაც კრიტიკის ნომინაცია ცალკე გამოიყო, ლიტერატურულ წრეებში განსაკუთრებული მოლოდინია ̶ აბა, წელს როგორი წიგნები იქნება წარდგენილი? იქნება თუ არა საერთოდ, როგორია წლის ლიტერატურული კრიტიკის მოსავალი? წელს ამ ნომინაციაში ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურული ტექსტების შესახებ დაწერილი მასშტაბური და კვალიფიციური ნაშრომები ვიხილეთ. ხოლო გამარჯვებული ნუგეშა გაგნიძის „ცხოვრება ორ სამყაროში - გრიგოლ რობაქაძე“ არის, როგორც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო მონოგრაფიის ნიმუში“. საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც 21 სექტემბერს გაიმართა მთაწმინდის პარკში ხაზგასმით აღინიშნა ნაშრომის სამეცნიერო ღირებულება და მისი მნიშვნელობა ქართულ ლიტერატურაში.
ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ პროფ. ნუგეშა გაგნიძე „საბას“ პირველი გამარჯვებულია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ვუსურვებთ მას და, ასევე, ჩვენს უნივერსიტეტს შემდგომ წარმატებებს!