თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს „ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2019-ის“ მონაწილეთა შესარჩევად.
„ზამთრის ქართველოლოგიურ სკოლას“ არსებობის ხუთწლიანი ტრადიცია აქვს. 2018 წელს პროექტმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა და მასში პირველად მონაწილეობდნენ უცხოელი ლექტორები და სტუდენტები (იაპონია, ჩეხეთი, რუსეთი, საფრანგეთი).
„ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა 2019-ის“ მიზანია ქართველოლოგიით დაინტერესებული ახალგაზრდა ქართველი და უცხოელი კადრის მოზიდვა, მათი ცოდნის გაღრმავება, უახლესი ქართველოლოგიური სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაცია, სამეცნიერო საქმიანობის წარმართვის სტრატეგიათა გაცნობა, პროფესიულ უნარ-ჩვევათა განვითარება და ამაღლება.
პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება: პირველ ეტაპზე ცხადდება ქართველოლოგიურ ნაშრომთა კონკურსი, რომლის უმთავრესი ამოცანა ქართველოლოგიური თემატიკით დაინტერესებული ახალგაზრდების გამოვლენა და მათ შორის პროექტის მონაწილეთა შერჩევაა. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა ქართველოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით უნდა დაამუშავონ კონკრეტულ პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხები, შექმნან სამეცნიერო ან მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომი და მისი ელექტრონული ვერსია საორგანიზაციო ჯგუფს მიაწოდონ.
ინფორმაციულ-სამეცნიერო, ან მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომის/ესეს (არა უმეტეს 6 ნაბეჭდი გვერდისა: შრიფტი - sylfaen; ზომა - 12; სტრიქონებს შორის დაშორება - 1; თემა უნდა შეირჩეს ქართველოლოგიური მეცნიერებების შემდეგი მიმართულებებიდან:
•საქართველოს ისტორია (უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე);
•ქართული ენა და მისი დიალექტები;
•ქართული ლიტერატურა (XXI საუკუნის ლიტერატურულ პროცესებამდე);
•საქართველოს არქეოლოგია;
•ქართულ-ევროპული და ქართულ-აღმოსავლური კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობები;
•ქართული ფოლკლორი და საქართველოს ეთნოგრაფია;
•ქართული ფილოსოფიის ისტორია.
მოწოდებული მასალა კლასიფიცირდება სამეცნიერო მიმართულებათა მიხედვით, ეგზავნება დარგის კომპეტენტურ და მაღალკვალიფიცირებულ ექსპერტებს და ბრმა რეცენზენზირების შემდეგ უბრუნდება საორგანიზაციო ჯგუფს. საუკეთესო ნაშრომთა ავტორები, 20-25 მონაწილე შეირჩევა „სკოლის“ მსმენელად.
პროექტის მეორე ეტაპისთვის შერჩეული მონაწილეები სკოლის ფუნქციონირების პროცესში (21.02.2019-28.02.2019) დაბინავდებიან სასტუმროში, სადაც წარიმართება სასწავლო პროცესი. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან სასტუმროს მომსახურებით და კვებით. სალექციო კურსებს გაუძღვებიან სხვადასხვა უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები. ლექციების თემატიკის შესაბამისად მოეწყობა პროექტის მონაწილეთა ნამუშევრების პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი აქტივობა.
ზამთრის სკოლის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელზეც შეჯამდება სკოლის შედეგები, სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები და საჩუქრები. გამორჩეული ნაშრომების ავტორებს ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია დაჯილდოვებს ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიით.
პროექტის "ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2019"-ის მონაწილეთა მიერ შესრულებული საუკეთესო ნაშრომები გადაეცემა სპეციალურად შექმნილ საგამომცემლო ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს რედაქტირებული მასალის (არა უმეტეს 10 ნაშრომისა) ელექტრონული სახით გამოცემას.
"ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიურ სკოლა - 2019"-ში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული განაცხადი (ნიმუში იხილეთ ბმულზე), შესრულებულ ნაშრომთან და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლთან ერთად უნდა მოგვაწოდონ ელექტრონულ მისამართზე - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. არა უგვიანეს 15 იანვრისა.
პროექტის ხელმძღვანელი: ზაზა ხინთიბიძე
კოორდინატორი: ირმა მაკარაძე
საორგანიზაციო ჯგუფი: თამარ მელიქიძე, სოფიო გულიაშვილი