ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის (Tempus Public Foundation) ვებ-გვერდზე - სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2019-2020 სასწავლო წლის კონკურსი გამოცხადდა. აღნიშნულ ვებ-გვერდზე სააპლიკაციო ფორმის შევსებისა და დოკუმენტების ატვირთვის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 იანვარი.
გასული წლის საკონკურსო პროცედურების მსგავსად, კონკურსანტებმა ტემპუსის ვებ-გვერდზე განაცხადის შევსების გავლის შემდეგ უნდა გაიარონ რეგისტრაცია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე https://app.iec.gov.ge, შეავსონ შესაბამისი ელ განაცხადის ფორმა, ატვირთონ ტემპუსის სააპლიკაციო ფორმაში შევსებული განაცხადი და სხვა დოკუმენტები.
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია 2018 წლის 15 დეკემბრიდან 2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით.
ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადების წარმოდგენისა და საინფორმაციო შეხვედრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება ცენტრის ვებ-გვერდზე iec.gov.ge.
განათლების საერთაშორისო ცენტრი აღნიშნულ პროგრამას 2017 წლიდან ახორციელებს. 2017 წლიდან დღემდე პროგრამით საქართველოს ასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. მათი ნაწილი განაგრძობს სწავლას უნგრეთის სხვადასხვა სასწავლებელში, ნაწილი დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.
აღნიშნულ სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2018 წლის 3 დეკემბერს 14 საათზე, საბიბლიოთეკო კორპუსის #22-208 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა.
ცენტრის თანამშრომლებთან ერთად პრეზენტაციას უნგრეთის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილე - ანიკო ფარკაში ჩაატარებს.