საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მ/წლის 10 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა. აწსუ პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, პრეზიდენტმა იმერეთის რეგიონის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო და ქუთაისში ორდღიანი ვიზიტი შეაჯამა.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ქუთაისის კულტურულ და საგანმანათლებლო პოტენციალზე, რომელსაც სწორი მიმართულებით სჭირდება განვითარება. „ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის არქეოლოგია. აქ იმყოფება პოლონეთის ელჩი, რომელსაც მადლობას ვუხდი ამ ღონისძიებაზე დასწრებისათვის. არსებობს პოლონურ-ქართული ერთობლივი არქეოლოგიური მისია, რომელიც ამ უნივერსიტეტში დაარსდა და რომელიც იძიებს სწორედ ძველი კოლხეთის არქეოლოგიას. მე მინდა შევთავაზო მათ, რომ ეს არქეოლოგიური ექსპედიციები ჩატარდეს პრეზიდენტის პატრონაჟის ქვეშ“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
შეხვედრის დასასრულს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.