26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმის ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის ეზოში. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტენდის მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ.
გამოფენაზე წარდგენილი იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფის (პროექტის ხელმძღვანელი- პროფ. ნინო დოლიძე, მკვლევარები - ასოც. პროფ. მერაბ დათუაშვილი და ირინა უგრეხელიძე, აკადემიური დოქტორები ირინე ჩარკვიანი და ქეთევან ჩირგაძე, პროფ.ლია ლურსმანაშვილი, აკად. დოქტორი გულიკო კვანტიძე და შორენა ჩაფიძე) მიერ შესრულებული წარმატებული საგრანტო პროექტის „ქართული ტრადიციული სამოსის კვლევა ილუსტრირებული ცნობარისა და ნიმუშების დამუშავებით“ შედეგი - ქართულ-ინგლისურ ენოვანი, „ქართული ეროვნული სამოსის ილუსტრირებული ცნობარი“ და პროექტის ფარგლებში დამზადებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქართული ტრადიციული სამოსის ნიმუშები. წარდგენილმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით დიდი იყო ინტერესი ქართული ეროვნული სამოსის ილუსტრირებული ცნობარისადმი. დაიგეგმა მომავალში მისი დიდი ტირაჟით გამოშვება, რაც მნიშვნელოვანი იქნება, როგორც სპეციალისტებისათვის ასევე ქართული ტრადიციული სამოსის, როგორც მატერიალური კულტურის ძეგლით დაინტერესებული საზოგადოების ფართო ფენებისათვის.