სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბრძანება
№ 01-04/60 04 / 09/ 2019 წ.
2019-2020 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურაში
მიღების წესის განსაზღვრის შესახებ
1. მაგისტრატურაში მისაღები გამოცდის ჩატარების ფორმა
1.1. გარდა საერთო სამაგისტრო გამოცდისა სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის აუცილებელია გამოცდის ჩაბარება სპეციალობაში.
1.2. მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო საკონკურსო გამოცდა ტარდება წერითი ფორმით (კომპიუტერული ტესტირებით - სამაგისტრო პროგრამისათვის „ფარმაცია“).
1.3. კონკურსანტის საგამოცდო ნამუშევარი ფასდება 100-ქულიანი სისტემით.
1.4. უცხოენოვანი სამაგისტრო პროგრამებისათვის შესაძლებელია დადგინდეს ამ მუხლის 1.2. პარაგრაფისაგან განსხვავებული წესი, შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებითა და რექტორის შესაბამისი ბრძანებით.
2. მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი სწავლის საფასურს იხდის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით ან პირადად.
3. საგამოცდო განაცხადი. კონკურსანტთა რეგისტრაცია
3.1. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საერთო სამაგისტრო გამოცდა და მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო საკონკურსო გამოცდა. უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობა (აღიარება) ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.
3.2. მაგისტრატურაში სწავლის მიზნებია:
ა) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება;
ბ) სპეციალობის შეცვლა;
გ) კვალიფიკაციის ამაღლება.
3.3. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს განაცხადში დაააფიქსიროს პრიორიტეტების მიხედვით ძირითადი და მეორე საგანმანათლებლო პროგრამა.
3.4. ორი პროგრამის დაფიქსირების შემთხვევაში, კონკურსანტი აბარებს არჩეული პროგრამების შესაბამის ორ გამოცდას.
3.5. იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი განაცხადში დააფიქსირებს პრიორიტეტების მიხედვით ძირითად და მეორე საგანმანათლებლო პროგრამას, მაგისტრანტობის კანდიდატი ირიცხება იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის გამოცდასაც წარმატებით ჩააბარებს. ორივე საგანმანათლებლო პროგრამზე გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მაგისტრანტობის კანდიდატი ირიცხება იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც განაცხადში პირველ ადგილზე აქვს მითითებული.
3.6. მაგისტრატურაში მისაღებ საუნივერსიტეტო საკონკურსო გამოცდებზე კონკურსანტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან დროულად გაიარა რეგისტრაცია სარეგისტრაციო კომისიაში და წარადგინა სათანადო საბუთები.
3.7. მაგისტრატურაში მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის მიღების საფუძველია კონკურსანტის წერილობითი განცხადება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და მაგისტრატურაში მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ.
3.8. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
გ) სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
დ) საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და მისი დანართის ასლები მათივე დედნების წარდგენით (მიმდინარე წლის კურსდამთავრებულები წარმოადგენენ ცნობას შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შესახებ ნიშნების ფურცელთან ერთად);
ე) სამაგისტრო საგამოცდო ბარათი;
ვ) უცხოენოვან სამაგისტრო პროგრამეზე ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პროგრამაზე სწავლების შესაბამისი ენის B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ: ბრიტანეთის საბჭოს სერთიფიკატი, გოეთეს ინსტიტუტის სერთიფიკატი, გერმანული ენის ავსტრიული დიპლომი, ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის მიერ გაცემული ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი - (DELF), (TCF), აწსუ ენათა კურსების სერთიფიკატი
ზ) მაგისტრატურაში მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის - 30 ლარის გადახდის ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 709057267).
თ) იმ შემთხვევაში თუ მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდას აბარებს ორ საგანმანათლებლო პროგრამაზე - 50 ლარის გადახდის ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 709057267).
4. მისაღები გამოცდის მიმდინარეობა
4.1. მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდა ტარდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, დანართი 1-ით განსაზღვრულ სპეციალობებზე.
4.2. გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე კონკურსანტები გადიან საგამოცდო რეგისტრაციას, რეგისტრაციის გასავლელად რეგისტრატორებს წარუდგენენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას.
4.3. კონკურსანტი ვალდებულია:
ა) დაუგვიანებლად გამოცხადდეს გამოცდაზე. საგამოცდო დროის ათვლის დაწყების (რეგისტრაციის დამთავრების) შემდეგ კონკურსანტი გამოცდაზე არ დაიშვება;
ბ) თან იქონიოს პირადობის მოწმობა;
გ) გამოცდის დამთავრების შემდეგ საგამოცდო დავალების ჩაბარებისას (ტესტის დასრულებისას) ხელი მოაწეროს სპეციალურ უწყისში;
დ) შეასრულოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და გამოცდის დამკვირვებლის ცალკეული მითითებანი.
4.4. გამოცდის მსვლელობისას კონკურსანტს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის - სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვა გამოყენება;
გ) საგამოცდო დავალების ფურცელზე ან საგამოცდო ნაშრომზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის საგამოცდო დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა კონკურსანტისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის მიერ გამოცდაზე მივლენილ თანმხლებ პირთან ერთად.
4.5. ნაშრომი, რომლის შესრულებისას გამოყენებული იქნება განსხვავებული ფერის მელანი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას (რომელიც დაკავშირებული არ არის საგამოცდო დავალებასთან) არ გასწორდება.
4.6. ჩაბარებული საგამოცდო ნამუშევრები იკვრება სექტორების მიხედვით და გადაეცემა აწსუ საგამოცდო სექტორის ხელმძღვანელს.
5. კონკურსანტთა ნაშრომების გასწორება
5.1. საგამოცდო ნაშრომები, კოდირების შემდეგ, რეგისტრირდება და გამსწორებელთა საგნობრივ კომისიებს მიეწოდება აწსუ საგამოცდო სექტორის მიერ.
5.2. ნაშრომი, რომელიც შესრულებულია განსხვავებული ფერის ავტოკალმით ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის გრაფიკულ გამოსახულებას (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) რომელიც დაკავშირებული არ არის საგამოცდო დავალებასთან, არ ექვემდებარება გასწორებას და ფასდება ნული ქულით.
6. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგამოცდო საგანში განისაზღვრება 51 ქულით.
7. კონკურსანტთა რანჟირება
თითოეული სამაგისტრო პროგრამის მიხედვით დგება მინიმალური კომპეტენციის ზღვარგადალახულ კონკურსანტთა რანჟირებული სია, რომელშიც გათვალისწინებულია საერთო სამაგისტრო და საუნივერსიტეტო გამოცდების წილობრივი მაჩვენებლები და კონკურსანტები დალაგებული არიან შეფასებების კლებადობის მიხედვით.
8. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა
8.1. კონკურსანტები, რომელთა რიგითი ნომრები კონკურსანტთა რანჟირებულ სიებში არ აღემატება შესაბამისი სპეციალობისათვის საკონკურსო ადგილების რაოდენობას, სათანადო ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე რექტორის ბრძანებით ირიცხებიან უნივერსიტეტში (თუ რომელიმე უფლებამოსილი კონკურსანტი უარს განაცხადებს ჩარიცხვაზე, მაშინ ხელშეკრულების გაფორმების უფლება მიეცემა რანჟირებული სიით განსაზღვრულ შემდეგ კონკურსანტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
9. მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარების უზრუნველყოფის პროცედურა.
9.1. ფაკულტეტების დეკანატები, არაუგვიანეს 5 სექტემბრისა, უზრუნველყოფენ ფაკულტეტის საბჭოზე დამტკიცებული საგამოცდო საკითხებისა და შეფასების სისტემის წარმოდგენას. აწსუ მარკეტინგის, პროექტების და ღონისძიებების მართვის სამსახური უზრუნველყოფს წარმოდგენილი საგამოცდო საკითხების დაუყოვნებლივ განთავსებას უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
9.2. კონკურსის ჩატარების მიზნით იქმნება საუნივერსიტეტო საკონკურსო კომისია და საგნობრივი კომისიები (პროგრამებისა და მიმართულებების მიხედვით).
9.3. მაგისტრატურაში მიღების მსურველთა გამოცდის ჩატარებას და მარალ დონეზე ორგანიზებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საგამოცდო სექტორი.
9.4. კონკურსს ატარებს რექტორის ბრძანებით შექმნილი საუნივერსიტეტო კომისია.
9.5. საბუთების მიღება წარიმართება 2019 წლის 12 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ სარეგისტრაციო კომისიაში.
9.6. მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება 2019 წლის 25 და 26 სექტემბერს, სააპელაციო განცხადებების განხილვა გაიმართება 27 სექტემბერს.
10. უნივერსიტეტის კანცელარიამ უზრუნველყოს ამ ბრძანების განთავსება საინფორმაციო დაფაზე. უნივერსიტეტის მარკეტინგის, პროექტების და ღონისძიებების მართვის სამსახურმა ეს ბრძანება განათავსოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
რექტორი: პროფ. როლანდ კოპალიანი
სასწავლო პროცესის მართვის
სამსახურის უფროსი პროფ. იმერ ბასილაძე