მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს -1 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ვორქშოპი თემაზე „უწყვეტ გარემოთა მექანიკის მონათესავე პრობლემები“. ვორქშოპი ორგანიზებული იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის (N DI- 41- 2016) „მათემატიკური მოდელი და კომპიუტერული პროგრამები მრავალფენიანი ტექსტილის მრავალფუნქციური კვლევისათვის“ განმახორციელებელი გუნდის მიერ სამეცნიერო ხელმძღვანელის - მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის „კომპოზიციური მასალების მექანიკის“ კათედრის პროფესორის მიხეილ ნიქაბაძის ხელმძღვანელობით.
ვორქშოპის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მექანიკა-მათემატიკის სფეროში მოღვაწე ცნობილმა უცხოელმა და ქართველმა მეცნიერებმა, აწსუ-ს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებმა.
ვორქშოპზე მოხსენებები წარმოადგინეს: მიხეილ ნიქაბაძემ, პროფ. ფრანჩერსკო დელ’იზოლამ (ლა საპიენცას უნივერსიტეტი, რომი, იტალია), პროფ. პიერ ფილიპ სეპპეჩერმა (ტულონის უნივერსიტეტი, საფრანგეთი), პროფ. გიორგი ჯაიანმა და პროფ, თამაზ ვაშაყმაძემ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), პროფ. გიორგი ონიანმა და პროფ. ომარი კიკვკძემ (ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), პროფ. გელა ყიფიანმა და პროფ. თამაზ ობგაძემ (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) და სხვებმა.
ვორქშოპზე წარმოდგენილ მოხსენებათა გარშემო გაიმართა სამეცნიერო დისკუსია, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტი ახალგაზრდობა. ევროპელმა სტუმრებმა სურვილი გამოთქვეს გამოყენებითი მათემატიკის, მექანიკის სფეროში სამომავლო ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.