საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართ ინტერესი სამკურნალო საქმის მეოთხე კურსზე გამიჩნდა, როცა ამ საგანს ვსწავლობდი, მას შემდეგ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციებში ვმონაწილეობდი, სტუდენტური სამეცნიერო კვლევებით, ქალბატონი დოდო შელიას ხელმძღვანელობით, რამაც თავისთავად ინტერესი გამიღრმავა ამ სფეროს მიმართ.
6 წლიანი სწავლის დასასრულს, როცა უკვე პრაქტიკული მიმართულება უნდა მიეცეს მედიცინის კურსდამთავრებულს, სერიოზულად დავფიქრდი, მინდოდა კი კაბინეტში მჯდომი დავლოდებოდი როდის შემოაღებდა კარს პაციენტი? თუ გავსულიყავი უფრო დიდ ასპარეზზე, რაც საზოგადოების ინფორმირებულობას, მეტ სარწმუნო კვლევას, მეტ სკრინინგ პროგრამას, დროულ დიაგნოსტირებასა და სწორად მკურნალობას მოიცავს, ასე ხომ უფრო მეტ ადამიანს დავეხმარები? რატომაც არა, და ჩავაბარე ისევ ჩემს უნივერსიტეტში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე.
ალბათ ყველა სტუდენტის ოცნებაა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, რა თქმა უნდა ცოდნის მიღება ყველგან შეუძლია მონდომებულ ადამიანს, თუმცა საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილება ცხოვრებისეულ უნარს გძენს,
ეს ნიშნავს, რომ შენ სხვა ადამიანი ხარ, გყავს მეგობრები მთელი მსოფლიოდან, აფასებ კულტურულ მრავალფეროვნებას და აზრთა სხვადასხვაობას, ხვდები, რომ ეს არის ეტაპი რომელიც შენს ცხოვრებას ალამაზებს და რომელიც ერთხელ ყველამ უნდა გამოცადოს.
ამ შეუდარებელი გამოცდილების საშუალებას კი ERASMUS+ ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჩესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობა იძლევა, ამ გზით მოვხვდი დიდ ბრიტანეთში და უკვე 4 თვეა ჩემი მაგისტრატურის მესამე სემესტრს გავდივარ ამ უძველეს უნივერსიტეტში ოთხი სხვადასხვა მოდულით.
სწავლის მხრივ ბრიტანეთი ლიდერია, როგორც სტუდენტ-ლექტორების მრავალფეროვნებით, ასევე სასწავლო მიდგომებითა და სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომებებით.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მოდულმა, რომლითაც გვასწავლიან პაციენტთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობასა და სწორი დიაგნოსტიკის პრინციპებს, უხშირეს სამედიცინო შეცდომებს და მათი თავიდან აცილების გზებს. ვთვლი რომ ეს ყველაზე საჭირო საგანია და აუცილებელია მასზე ყურადღების გამახვილება.
სასწავლო პროცესის გარდა აქ ვეუფლებით ისეთ უნარებს როგორიცაა პოტენციურ დამსაქმებლებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, საკუთარი შესაძლებლობების აღქმა და სხვებისთვის გაზიარება. მასალას ნებისმიერ შემთხვევაში დაისწავლი თუმცა როგორც უნდა ისწავლო სწორად, ეს ცალკე უნარია, უნიკალური და საჭირო თითოეული ადამიანისათვის. სწორედ ამას ასწავლიან აქ, ჩესტერის უნივერსიტეტში. აქვე გავხდი დებატ-კლუბის წევრი, სადაც ყოველ კვირას ვიკრიბებით და ვსაუბრობთ მიმდინარე აქტუალურ თემებზე, ვმსჯელობთ და ვცვლით მოსაზრებებს.
მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ასევე British Heart Foundation- CPR ტრენინგი, რომელიც ყოველ სემესტრში ტარდება სტუდენტებისათვის, განურჩევლად ფაკულტეტისა, რათა თითოეული მათგანი ფლობდეს პირველადი დახმარების ამ მნიშვნელოვან ნაწილს.
მინდა აწსუ-ს თითოეულ სტუდენტს ვურჩიო, გამოიყენონ ეს შანსი, რასაც ჩვენი უნივერსიტეტი და ERASMUS+ იძლევა, თუკი ფლობთ ინგლისურ ენას და გაქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, მაშინ არც ერთი წამით არ დაიხიოთ უკან, რადგან საკუთარ თავზე გამოვცადე და უკვე ვხედავ საინტერესო განსხვავებას ოთხი თვის წინანდელ, და ამჟამინდელ მარიამს შორის, რომელსაც უკეთ შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება, უკეთ შეუძლია შეზღუდული ფინანსური რესურსების რაციონალურად გამოყენება, არის უკეთესი მზარეული (თუმცა არა კარგი), რადგან აქ არ ჰყავს დედა ან ბებო, რომელიც გემრიელ სადილს დაახვედრებს უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს.
ნუ შეგეშინდებათ კომფორტის ზონიდან გადაბიჯების და ახალი გამოწვევების! დამიჯერეთ, ეს ამად ღირს!
მე კი, მალე დავბრუნდები ჩემს მონატრებულ ქუთაისში, გაასმაგებული მოტივაციით და უფრო ნათელი სამომავლო გეგმებით.