აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი ქუთაისის მერის სტიპენდიას მიიღებს

ქუთაისის მერიაში იმ წარჩინებულ სტუდენტებს უმასპინძლეს, რომლებიც ქუთაისის მერის მიერ დაწესებულ სტიპენდიას მიიღებენ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მერის სტიპენდიატები ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი სალომე გოდერიძე და საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის ელექტრული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი დავით ფუტკარაძე არიან.
სტუდენტებთან შეხვედრას ვიცე - მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქუთაისის მერია, ყოველწლიურად აკადემიური შედეგების მიხედვით, ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების 6 სტუდენტს უნიშნავს სტიპენდიას.
მერიის სტიპენდიატების პროგრამაში სიახლეა- 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის შედეგების მიხედვით, სტიპენდიატების რაოდენობა გაიზრდება.
თითოეული უნივერსიტეტიდან, უმაღლესი განათლების ყოველი საფეხურის მიხედვით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მერის სტიპენდიატებად წარდგენილი იქნება 2-2 სტუდენტი.