რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული აწსუს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის - ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნათია ქვაჩაკიძეა. პროექტი "ერნესტ ჰემინგუეი და XX საუკუნის II ნახევრის ქართული პროზა" ფონდის მიერ დადებითად იქნა შეფასებული და გამარჯვებულთა შორის მოხვდა. პროექტი მიზნად ისახავს სიღრმისეულად შეისწავლოს და გაანალიზოს ერნესტ ჰემინგუეის მხატვრული სტილის გავლენა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ ავტორთა პროზაზე.
პროექტს მენტორობას გაუწევს პროფესორი ირაკლი ცხვედიანი, ხოლო კონსულტირებას - პროფესორი ავთანდილ ნიკოლეიშვილი და გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი - შტეფან ბრანდტი. პროექტის შედეგებისა და კვლევის პროცესში გამოვლენილი მიგნებების ასახვა მოხდება სამეცნიერო სტატიებისა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილების მეშვეობით. შედეგები კი შეჯამდება სამეცნიერო მონოგრაფიაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ნათია ქვაჩაკიძეს ასევე მოპოვებული აქვს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის ფარგლებში. იგი აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა კვლევით აქტივობებში. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებებს უსურვებს ნათია ქვაჩაკიძეს პროფესიულ და კვლევით საქმიანობაში!