მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში (ახალგაზრდობის გამზირი 98) საზეიმოდ გაიხსნა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პირველი რექტორის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნოდარ ვალიშვილის ბიუსტი, რომელიც მიეძღვნა მისი დაბადების 90 წლისთავს.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტიდან, ქუთაისის საინჟინრო აკადემიიდან. პროფესორები რეზო ქავთარაძე, გელა ყიფიანი, ამირან აფციაური, მელიტონ სულაბერიძე, და სხვები.
სამკითხველო დარბაზში ჩატარდა საზეიმო სხდომა მიძღვნილი ბატონ ნოდარ ვალიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ. სხდომას ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდი კოპალიანი, რექტორის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი შალვა კირთაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი კახა კუპატაძე, უნივერსიტეტის სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახუსის უფროსი, ასოცირებული პროფესორი თეა კორძაძე , ნოდარ ვალიშვილის ოჯახის წევრები და უნივერსიტეტის თანამშრომლები.
გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ დიდი არის ბატონ ნოდარ ვალიშვილის დამსახურება ქუთაისში ინჟინრების აღზრდასა და სამეცნიერო -პედაგოგიური კადრების მომზადებაში. მნიშვნელოვანია მის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები დოქტორანტების, მკვლევარებისა და სტუდენტებისათვის.
აღსანიშნავია ნ. ვალიშვილის მიერ ქუთაისში საავტორო სკოლის დაფუძვნება მომავალი თაობების აღზრდის საქმეში და მისი, როგორც მეცნიერის და პედაგოგის სისტემური მიდგომა განათლების სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრასა და განათლების შემდგომი განვითარების საქმეში.