მ/წლის 20 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია, ჟენევა, შვეიცარია) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მასტერკლასი ნაწილაკების ფიზიკაში.
მასტერკლასის მიზანი იყო 15-20 წლის ახალგაზრდებში ფიზიკის პოპულარიზაცია. ტუტორიალს უძღვებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლები.
საერთაშორისო მასტერკლასმა ნაწილაკების ფიზიკაში, შესაძლებლობა მისცა აწსუ სტუდენტებსა და ქუთაისის სკოლების შერჩეულ მოსწავლეებს CERN-ში მიმდინარე ექსპერიმენტების შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აღმოეჩინათ კვარკების და ლეპტონების სამყარო. ასევე მონაწილეები შეხვდნენ მეცნიერებს, რომლებიც აწარმოებენ კვლევას ნაწილაკების ფიზიკაში და გაიცნეს თანამოაზრე ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
რამდენიმე ლექციისა და პრაქტიკული მუშაობის შედეგად, მასტერკლასის მონაწილეებმა შეძლეს, ნაწილაკებსა და მათ შორის მიმდინარე პროცესებში გარკვევა.
მასტერკლასის თემა იყო ნაწილაკების ფიზიკა, CERN-ში მიმდინარე ექსპერიმენტები და დეტექტორები. თეორიული კურსის შემდეგ, მასტერკლასის მონაწილეებმა დაამუშავეს ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მონაცემები და აღმოაჩინეს სხვადასხვა ნაწილაკები.
მასტერკლასი არის ძალიან პოპულარული ღონისძიება, რომელშიც ჩართულები არიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები.
20 თებერვალს მასტერკლასის პარტნიორები არიან: Trieste University (Italy), Zagreb University (Croatia), Pavia Univrsity (Italy), Pozega university, (Croatia).
მასტერკლასის დასასრულს მოეწყო ვიდეო კონფერენცია CERN-ის ექსპერტებთან შესახვედრად. მოხდა მონაწილეების მიერ მიღებული შედეგების განხილვა და აღნიშნული უნივერსიტეტების მონაწილეების შედეგებთან შედარება, გაიმართა online დისკუსია. მასტერკლასის მონაწილეებს გადაეცათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატები.