აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ტრადიციად აქვს ქცეული სახელოვნებო კვირეულის გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისის მიჯნაზე ჩატარება. კვირეულში ჩართულნი არიან სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ახლა უკვე პარტნიორი სასწავლო დაწესებულებები.
2018 წლის მეშვიდე სახელოვნებო კვირეული 28 მაისს, აწსუ ადმინისტრაციული კორპუსის ფოიეში ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენით გაიხსნა, ღია, ნათელმა სივრცემ, ნამუშევრების აღქმა გააძლიერა და საინტერესოდ წარმოაჩინა თითოეული ექსპონატი.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა: ტ. ჭყოიძემ, ია ლაგვილავამ, თამთა ჯიხვაძემ, ქეთევან ხურციამ, ლეილა ბარბაქაძემ; მაგისტრანტმა- მარიამ მიქაუტაძემ , დოქტორანტმა -ფიქრია ჭაბუკიანმა, ასევე პროფესორებმა, ირაიდა კროტენკომ, ნატო წულეისკირმა, ნატო იმედაშვილმა და მალვინა შანიძემ, რომელთა ნამუშევრებმა აღაფრთოვანა როგორც მასპინძლები, ასევე მოწვეული სტუმრები.
ამავე დღეს, უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში წარადგინეს სტუდენტების პოეზიის ნიმუშების კრებული „ჭაშნიკი“, რომელიც ახალგაზრდა შემოქმედებმა აღფრთოვანებითა და სიყვარულით „დააჭაშნიკეს“, ხოლო პოეზიის მეხოტბეებმა შემოქმედებითი განწყობის სიცოცხლისუნარიანობა უსურვეს ახალგაზრდა პოეტებს და ისინი გულწრფელი აპლოდისმენტებითაც დააჯილდოეს.
საინტერესო და ემოციებით დატვირთული გახლდათ თეატრალური დასის სპექტაკლი-„ბოდიში, რომ ცოცხალი ვარ“ (ხელმძღვანელი-თამარ საღინაძე),რამაც ემოციურად გაათბო და ბევრი სათქმელი დაუტოვა მაყურებელს.
ბავშვური ემოციითა და საოცარი გულწრფელობით იყო წარმოდგენილი უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ (სკოლის დირექტორი-დალი სალდაძე) და მოსწავლეთა სურათებისა და აპლიკაციების ჩვენება, რომელმაც გულგრილი ვერ დატოვა დამთვალიერებელი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის მიერ (დეკანი მაია გრძელიძე) საინტერესოდ წარმოჩინდა უკრაინის ერთ-ერთ კონკურსზე გამარჯვებული ტანსაცმლის მოდელების ჩვენება, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე სკვერში გაიმართა და მაყურებლის დიდი ოვაცია დაიმსახურა.
კვირეულის გვირგვინი გახლდათ უნივერსიტეტის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, „ადილასა“ და „კოლხას“ კონცერტი, რომელიც ასევე ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. მაყურებლებმა გულწრფელი აპლოდისმენტებით დააჯილდოეს შემსრულებლები.
კვირეული 31 მაისს ქართული კულტურის ე.წ. ეთნო პარკის ნიმუშების წარდგენით დაიხურა, რომელსაც ხიბლსა და მშვენიერებას თ. კობახიძის სახელობის ქუთაისის სიმფონიური ორკესტრის მაღალი აკადემიური დონე და საშემსრულებლო მანერა მატებდა. დახურვას ასევე გულწრფელი ემოციები მონაწილეთა საზეიმო დაჯილდოებამ შემატა და გარემოში გამეფებულმა მზემ, სითბომ და სიყვარულმა მომავალი წლების პროექტების სურვილები გააჩინა, რომელიც იმედია საინტერესოდ განხორციელდება და კიდევ მეტ პროექტსა და ადამიანს გააერთიანებს.