ცხადდება კონკურსი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის

რექტორის ბრძანება № 01-04/19
ქ. ქუთაისი
04 მარტი 2022 წ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N132/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გამოცხადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგ ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი კონკურსი (დანართი თან ერთვის).
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად საკონკურსო პირობები, კერძოდ, კონკურსანტის განცხადების ფორმა, კონკურსანტის მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა, სარეგისტრაციო და საკონკურსო კომისიების მუშაობის პროცედურები, შერჩევის კრიტერიუმები და კონკურსთან დაკავშირებული სხვა პირობები განსაზღვრულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N132/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდებით, სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 28 ივნისის № 111 (17/18) დადგენილებით (კონკურსანტებმა იხელმძღვანელონ აღნიშნული დადგენილებით და ამ ბრძანებით).
3. საკონკურსო დოკუმენტების (საბუთების) მიღება განხორციელდეს 2022 წლის 4 აპრილიდან 2022 წლის 8 აპრილის ჩათვლით. საკონკურსო დოკუმენტების (საბუთების) მიღება იწარმოებს ყოველდღიურად 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე (უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით) შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა №59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, პირველი სართული. ოთახი № 1107.
4. კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 11 აპრილიდან 2022 წლის 15 აპრილის ჩათვლით (მათ შორის, 14 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით - გასაუბრება). გასაუბრება პანდემიის გათვალისწინებით შესაძლოა ჩატარდეს ან ონ-ლაინ რეჟიმში ან უნივერსიტეტის კორპუსებში.
5. სააპელაციო განცხადებების მიღება იწარმოებს 2022 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 20 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა №59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, პირველი სართული. ოთახი № 1107, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე.
6. ამ ბრძანებით განსაზღვრულ აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსით შერჩეულ პირებთან გაფორმდეს ვადიანი ხელშეკრულებები. კერძოდ:
ა) პროფესორი - 6 წლის ვადით, 2022 წლის 1 მაისიდან 2028 წლის 1 სექტემბრამდე;
ბ) ასოცირებული პროფესორი - 6 წლის ვადით, 2022 წლის 1 მაისიდან 2028 წლის 1 სექტემბრამდე;
გ) ასისტენტ-პროფესორი 4 წლის ვადით, 2022 წლის 1 მაისიდან 2026 წლის 1 სექტემბრამდე;
7. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და საინფორმაციო დაფაზე ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის გაზეთში „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
8. უნივერსიტეტის კანცელარიამ უზრუნველყოს ამ ბრძანების საინფორმაციო დაფაზე განთავსება. უნივერსიტეტის მარკეტინგის, პროექტირებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურმა ეს ბრძანება განათავსოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. გაზეთ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“-ს რედაქციამ უზრუნველყოს ამ ბრძანების გამოქვეყნება გაზეთში „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

დანართი 1 - ხელშეკრულება

დანართი 2 - განმარტებები

დანართი 3 - განცხადება

დანართი 4 - ანკეტა

დანართი 5 - სილაბუსის ნიმუში

დანართი 6 - უცხო ენის ფლობის სერთიფიკატები

ვაკანსიები

კრიტერიუმები