აკადემიური დოქტორის სოფიო ფანჩულიძის წიგნის ,,დიმიტრი უზნაძის პედაგოგიკური შეხედულებები“ პრეზენტაცია

2022 წლის 27 მაისს პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანატისა და პედაგოგიკის დეპარტამენტის ორგანიზებით შედგა აკად. დოქტ. სოფიო ფანჩულიძის წიგნის ,,დიმიტრი უზნაძის პედაგოგიკური შეხედულებები“ პრეზენტაცია. შესავალ სიტყვაში - ფაკულტეტის დეკანმა ასოც. პროფ მამული ბუჭუხიშვილმა ვრცლად ისაუბრა ფაკულტეტის დეკანატის მიერ შესაბამის დეპარტამენტებთან ურთიერთკავშირში ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა, პედაგოგთა დახელოვნებისათვის, მათი პრაქტიკული ხელშეწყობისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ. ამასთან აღნიშნა, რომ აკად.დოქტ სოფიო ფანჩულიძის წარმოდგენილი ნაშრომი გარდა იმისა, რომ უხვად არის გაჯერებული დიდი ფსიქოლოგისა და პედაგოგის მრავალმხრივი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობის ამსახველი მასალით, საყურადღებოა ავტორის მიერ გაკეთებული ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა; ,,დიდი პედაგოგის ერთი საუკუნის წინანდელი შეხედულებები სამოქალაქო აღზრდის, მოსწავლეთა თვითმმართველობის, შეგნებული დისციპლინისა და ნებისყოფის აღზრდის საკითხებზე მიზანმიმართულად ეხმიანება დღევანდელობას, XXI საუკუნის სკოლის მიზანს დემოკრატიის, განათლებისა და სკოლის, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის ურთიერთკავშირის საფუძველზე“.

ახალგაზრდა მკვლევარის მიერ წარმოდგენილი ნაშრომის შესახებ ისაუბრა წიგნის რედაქტორმა პროფ. იმერ ბასილაძემ, როგორც წიგნის ავტორის სადისერტაციო ნაშრომის მეცნიერ-ხელმძღვანელმა პროფ. იმერი ბასილაძემ დადებითად შეაფასა სოფიო ფანჩულიძის მიერ წიგნის გამოსაცემად გაწეული დამატებითი მუშაობა. მანვე აღნიშნა, რომ იმედის მომცემი და მოსაწონია წიგნის ავტორის შრომისმოყვარეობა, სათანადო დოკუმენტების მოძიებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების უნარი. პროფ. იმერი ბასილაძემ ღრმა რწმენა გამოთქვა იმის თაობაზე, რომ აკად.დოქტ სოფიო ფანჩულიძე კვლავაც ბეჯითად იმუშავებს როგორც სამეცნიერო, ასევე პედაგოგიურ ასპარეზზე, რათა თავისი წვლილი შეიტანოს დიდი მეცნიერისა და პედაგოგის დიმიტრი უზნაძის პედაგოგიური ნააზრევის პრაქტიკული განხორციელების საქმეში. საინტერესოდ და დროულად შეაფასეს წარმოდგენილი ნაშრომი რეცენზენტებმა ასოც.პროფესორებმა მაია ახვლედიანმა და ნინო ორჯონიკიძემ. პედაგოგიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასოც. პროფ. მაია ახვლედიანმა აღნიშნა, რომ წიგნის ავტორის მიერ გაწეული კვლევა სასიკეთოდ აისახა წარმოდგენილ ნაშრომში. ამასთან, მიღებული რეკომენდაციები და დასკვნები გამდიდრებულია აღზრდის პრობლემების ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და პედაგოგიური ასპექტებით. ავტორმა შეძლო-აღნიშნავს რეცენზენტი-მრავალი აღმზრდელობითი და სასწავლო პრობლემა ახლებურად აეხსნა და მოეძებნა მისი გადაწყვეტის რაციონალური გზები. წარმოდგენილი მონოგრაფიის რეცენზენტმა პედაგოგიკის დეპარტამენტის ასოც.პროფ ნინო ორჯონიკიძემ დადებითად შეაფასა რა აკად.დოქტ სოფიო ფანჩულიძის მიერ გაწეული მუშაობა მოიწონა, რომ მონოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი დიდი პედაგოგის პოზიციას სწავლების დიდაქტიკური პრინციპების პრაქტიკული ღირებულებების შესახებ. რეცენზენტმა ასოც.პროფ. ნინო ორჯონიკიძემ აღნიშნა, რომ მონოგრაფიაში კარგად არის ასახული დიმიტრი უზნაძის შეხედულებები აღზრდის, სწავლებისა და განათლების საკითხებზე-მისივე პასუხები მის მიერვე დასმულ კითხვებზე-პედაგოგიკის, როგორც მეცნიერების განვითარებისა და პედაგოგიკის ცნების შესახებ. სხდომის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი ნაშრომი და შემდგომი წარმატებები უსურვეს მის ავტორს. აკად.დოქტორმა სოფიო ფანჩულიძემ კიდევ ერთხელ მიმოიხილა მონოგრაფიის მომზადების ეტაპები; კვლევა, დამუშავება და მასალის ჩამოყალიბება. ,,გამოჩენილმა ქართველმა ფსიქოლოგმა და პედაგოგმა დიმიტრი უზნაძემ- აღნიშნავს ავტორი- თავისი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობით დიდი გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიური და პედაგოგიური მეცნიერებების განვითარებაზე. კერძოდ, მის მიერ შექმნილმა მეცნიერების ორიგინალურმა მიმართულებამ- განწყობით თეორიამ“ შესწავლილი და გაანალიზებული წყაროების, კვლევის შედეგების საფუძველზე წიგნის ავტორმა თავისი კონკრეტული მოსაზრებანი მოახსენა-დამსწრეთ თუ რაში მდგომარეობს დიმიტრი უზნაძის პედაგოგიურ-სამეცნიერო მოღვაწეობის მნიშვნელობა, დიდი მადლობა გადაუხადა წიგნის რედაქტორს პროფ. იმერ ბასილაძეს, რეცენზენტებს ასოც.პროფ. მაია ახვლედიანსა და ასოც.პროფ. ნინო ორჯონიკიძეს. დიდი მადლიერება გამოთქვა ფაკულტეტის საბჭოსა და განსაკუთრებით ფაკულტეტის დეკანის ასოც.პროფ. მამული ბუჭუხიშვილის მისამართით, რომელთა პრაქტიკულმა ხელშეწყობამ განაპირობეს წარმოდგენილი წიგნის დაბეჭდვა. დასასრულს აკად.დოქტ. სოფიო ფანჩულიძემ ავტოგრაფით საჩუქრად გადასცა წიგნები დამსწრეთ.