Erasmus + ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის SQUARE შეხვედრა

2022 წლის 2-3 მარტს ვორქშოფს „მესამე მისიის აქტივობების მიმდინარე სტატუსი ქართულ უნივერსიტეტებში“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ ფარგლებში კონსორციუმის წევრებს უმასპინძლა.

8 ქართული უნივერსიტეტის: გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - წარმომადგენლებმა დამსწრეებს წარუდგინეს ინფორმაცია მათსავე ინსტიტუციებში მესამე მისიის აქტივობების შესახებ ისეთი მიმართულებების მიხედვით, როგორებიცაა: უწყვეტი განათლება, ცოდნის გადაცემა და სოციალური ჩართულობა.

კონსორციუმის ევროპელმა პარტნიორებმა ვორქშოფის მონაწილეებს გაუზიარეს მათი გამოცდილება ქართული უნივერსიტეტების კონსულტირებისა და მენტორობის პროცესში არსებული პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.

შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ევროპულ სტანდარტებში მესამე მისიის მნიშვნელობის შესახებ ჩატარებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია. კონსორციუმის ქართველმა და ევროპელმა პარტნიორებმა დიდი ინტერესით განიხილეს აღნიშნული კვლევა და მისი შედეგები. 2 დღიანი ღონისძიების მიმდინარეობისას მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა განეხილათ ერთმანეთის გამოცდილება და შეჯერებულიყვნენ პროექტის სამომავლო განვითარებაზე.

SQUARE პროექტის მთავარი მიზანია 3M საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ

https://www.square.tsu.ge/

https://www.facebook.com/SQUARE-104135198541496/