ტრენინგი აწსუ აკადემიური პერსონალისათვის

კვლევის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი იწყებს რიგი ღონისძიებების განხორციელებას. უნივერსიტეტში ამ მიმართულებით ერთ-ერთი აქტუალური და მნიშვნელოვანი თემაა სამეცნიერო ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნება, დარგობრივი მიმართულებით თანამედროვე კვლევის მეთოდებისა და კვლევაში არსებული ტენდეციების გაცნობა. ამ კუთხით აკადემიური პერსონალის გაძლიერება 2020 წლის შემოდგომაზე ავტორიზაციის მონიტორინგის წარმატებით გავლის ერთ-ერთი წინაპირობაა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, 9 და 10 ივლისს, პედაგოგიური ფაკულტეტის მხარდაჭერით ცენტრმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნათია ანდღულაძე მოიწვია. ნათია ანდღულაძე ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორია. მუშაობდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასებებსა და განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მასწავლებლის შეფასება და სკოლის თვითშეფასება. ასევე იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი. ბოლო ათი წლის განმავლობაში ნათია ანდღულაძე იყო განათლების პოლიტიკისა და კვლევების ავტორი და თანაავტორი. მას ასევე დიდი გამოცდილება აქვს განათლების ადმინისტრირების სტუდენტებთან პრაქტიკული კვლევის საკითხებზე მუშაობის კუთხით.
ნათია ანდღულაძემ აკადემიურ პერსონალთან გამართა ვორქშოპი და მიაწოდა მათ განათლების კვლევაში მიმდინარე ტენდენციებისა და უახლესი კვლევების შესახებ ინფორმაცია. სამუშაო შეხვედრა მოიცავდა ისეთ თემატიკას, როგორიაა აკადემიური პერსონალისათვის განათლების პოლიტიკაში არსებული გამოწვევების გაცნობა, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ჟურნალებში სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საკითხებს მიმოხილვა და რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით კვლევის განვითარების მიმართულებით რეკომენდაციების გაცემა.
გვსურს გაცნობოთ, რომ კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი პერმანენტულად ჩაატარებს მსგავს ღონისძიებებს სხვადასხვა ფაკულტეტებზე.