პროგრამა CTEL II - აწსუ-ს და ორგანიზაციის ‘PH Internaitonal’ წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება

წარმატებით დასრულდა ორგანიზაციის ‘PH Internaitonal’ მიერ განხორციელებული და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი CTEL II „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“, რომელშიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 3 წლის მანძილზე იყო ჩართული.

პროგრამა მიზნად ისახავდა შესაბამის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, სხვადასხვა თანამედროვე ელ. სასწავლო რესურსის გამოყენებით ინტეგრირებული სწავლების მოდელის გაცნობას და დანერგვას. პროექტმა მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა როგორც კვალიფიციურ პედაგოგებს, ისე დამწყები პროფესიული კომპეტენციის მქონე სტუდენტებს.
თანამშრომლობის პირველ წელს რეალურ სივრცეში ჩატარებულ ტრენინგებს ქალაქ ქუთაისში სწორედ ჩვენი უნივერსიტეტი მასპინძლობდა. შემდგომში, პროცესმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა და ამ ფორმატითაც წარმატებით ჩატარდა დაგეგმილი აქტივობები. პროგრამაში ქ. ქუთაისის 30 საჯარო სკოლასთან ერთად მონაწილეობდნენ ჩვენი უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის თანამშრომლები და უნივერსიტეტის სტუდენტები. საერთო ჯამში, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის 30 სტუდენტი გადამზადდა.
კურსის ფორმატი გულისხმობდა ყოველი ტრენინგ-მოდულის შემდეგ შესაბამისი მეთოდოლოგიით საჩვენებელი გაკვეთილების ჩატარებას, რომელსაც აკვირდებოდნენ პროგრამის კვალიფიციური ტრენერები და ინსტრუქტორები. უნივერსიტეტის სტუდენტები მიმაგრებულნი იყვნენ კონკრეტული სკოლის მასწავლებლების ტრიადას, ერთობლივად გეგმავდნენ და ატარებდნენ ინტეგრირებულ გაკვეთილებს. შესაბამისად, მონაწილეებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად უაღრესად ღირებული პრაქტიკული გამოცდილება შეიძინეს.
პროექტი დასრულდა შემაჯამებელი კონფერენციით, რომელზე გაშუქებული მრავალფეროვანი თემატიკა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პროგრამის მნიშვნელობას და ინოვაციურ როლს ქვეყნის მასშტაბით სწავლა-სწავლების განვითარების კუთხით.