საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ისტორია

1946 წელს ქუთაისში გაიხსნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასწავლო–საკონსულტაციო პუნქტი, რომელიც 1953 წელს საღამოსა და დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტად გადაკეთდა. 1968 წელს დაემატა დღის სწავლების განყოფილება და ჩამოყალიბდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის „კვებისა და მსუბუქი მრეწველობის“ ფაკულტეტის ფილიალი, რომლის ბაზაზეც 1974 წელს ჩამოყალიბდა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც თავდაპირველად აერთიანებდა 4 ფაკულტეტს: ტექნოლოგიური, მსუბუქი მრეწველობის, მექანიკა–ტექნოლოგიური და ავტომექანიკური.
ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს 1977 წელს მიენიჭა აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის სახელი, ხოლო 1992 წელს უნივერსიტეტის სტატუსი.
2006 წელს საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების რეორგანიზაციების შედეგად, მოხდა ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების ინტეგრაცია და ჩამოყალიბდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი წარმოდგენილია ორი – საინჟინრო–ტექნოლოგიური და საინჟინრო–ტექნიკური ფაკულტეტით. საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტი კი ტექნოლოგიური და მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტების გაერთიანების შედეგად შეიქმნა. ამდენად, ეს ფაკულტეტი ქუთაისში პირველი ტექნიკური სკოლის სრულუფლებიანი სამართალმემკვიდრეა.
ფაკულტეტს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: კონსტანტინე იმედაშვილი, ვალერიან ბრეგვაძე, გურამ ვალიშვილი, ბიძინა ურუშაძე, კოტე ქობალავა, ნუნუ ჩიჯავაძე, ომარი ზივზივაძე, ემირი ბაკურაძე, რეზო ჯინჯიხაძე, ზინაიდა ვადაჭკორია, თემურ ბლუაშვილი, თემურ კეპულაძე, თემურ გორდელაძე, ელიზავეტა ბუაძე, ვახტანგ კვანტიძე, კონსტანტინე სირბილაძე, მერაბ შალამბერიძე. ამჟამად ფაკულტეტს ხელმძღვანელობს პროფესორი მაია გრძელიძე.
საინჟინრო–ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ხორციელდება სტუდენტთა მომზადება შემდეგი დარგობრივი მიმართულებებით: მსუბუქი მრეწველობის (ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის) ნაკეთობათა ტექნოლოგია და ექსპრეტიზა, მოდის დიზაინი, ინტერიერის ტექსტილის დიზაინი, სასურსათო ტექნოლოგიები, ფარმაცევტული და პარფიუმერულ–კოსმეტიკური საშუალებების ტექნოლოგია, გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია, მერქნული მასალების ტექნოლოგია.
ფაკულტეტზე სწავლება ხორციელდება სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა). ასევე ხორციელდება მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. სასწავლო პროცესს ემსახურება 2 ემერიტუსი, 10 პროფესორი, 22 ასოცირებული პროფესორი და 1 ასისტენტ-პროფესორი.
ფაკულტეტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩაბმული სამეცნიერო–კვლევით სამუშაოებში, მოპოვებული აქვთ საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო გრანტები. სტუდენტები აქტიურ მონაწილეობას იღებენ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში, კონფერენციებში და გამოფენებში და ხშირად იკავებენ საპრიზო ადგილებს.