1933 წლის 8 იანვრის დადგენილებით, რასაც შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღდგენა მოჰყვა, პედაგოგიური ინსტიტუტი ქუთაისში გადმოვიდა და ამავე წლის 13 თებერვლიდან აქ განაგრძო ფუნქციონირება. ქუთაისში გადმოსვლის შემდეგ სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში შეიქმნა პედოლოგიურ-პედაგოგიური განყოფილება – პედაგოგიკის, პედოლოგიისა და პოლიტექნიკური სწავლების სექციებით.
1933 წლის 1 სექტემბრიდან განყოფილება გადაკეთდა ფაკულტეტად. დაწესდა 3 წლიანი სწავლის ნაცვლად 4 წლიანი სწავლება. პედაგოგიური ფაკულტეტის I და II კურსი მთლიანად გადმოვიდა ქუთაისში, მესამე კურსი კი სწავლის დასასრულებლად თბილისში დარჩა. ფაკულტეტის დეკანად დაინიშნა პროფ. ალექსანდრე (ვასილ) ფრანგიშვილი.
1934 წლის 1 სექტემბრიდან თბილისიდან ქუთაისში გადმოვიდა დაუსწრებელი სექტორი. პედაგოგიურ-პედოლოგიური დაუსწრებელი ფაკულტეტის პირველი დეკანი იყო პროფ. ანგია ბოჭორიშვილი.
1935 წელიდან ფაკულტეტზე არსებობდა ასპირანტურა.
1941 წლის ნოემბრიდან პედაგოგიკის ფაკულტეტმა სხვადასხვა მიზეზთა გამო შეწყვიტა არსებობა. სკოლებში გაუქმდა პედაგოგიკის, როგორც საგნის სწავლება.
1957 წელს პედაგოგიურ ინსტიტუტს, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის შემადგენლობაში, სწავლების დღისა და დაუსწრებელ ფორმაზე შეემატა ახალი სპეციალობა „დაწყებითი სწავლების პედაგოგიკა და მეთოდიკა“ (ქართული და რუსული განყოფილებები). აღნიშნული სპეციალობა მნიშვნელოვ¬ნად განსხვავდებოდა პედაგოგიურ ინსტიტუტში ადრე არსებული პედაგოგიკის ფაკულტეტის (1933-1941) სპეციალობათა პროფილისგან, მაგრამ ის იქცა გაუქმებული ფაკულტეტის ღირსეულ მემკვიდრედ, რადგან აღმოჩნდა ერთადერთ საგანმანათ¬ლებლო დაწესებულებად დასავლეთ საქართველოში, რომელიც ზრდიდა კვალიფი-ციურ კადრებს დაწყებითი სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულე¬ბებისათვის. იგი 1958 წლის სექტემბერში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტს გამოეყო და საფუძველი ჩაეყარა ახალ, დამოუკიდებელ დაწყებითი სწავლების მეთოდიკის ფაკულტეტს. 1974-75 სასწავლო წლიდან ფაკულტეტზე შემოტანილი იქნა ახალი სპეციალობები: 1. მუსიკა და სიმღერა; 2. სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია. 1989 წლიდან დაწყებითი განათლების პედაგოგიკა, მეთოდიკა და რუსული ენა.
1933 – 1990 წლებში ფაკულტეტზე ხორციელდებოდა შემდეგი პროგრამები: 1. პედოლოგია, 2. სასკოლო პედაგოგიკა; 3. დაწყებითი სწავლების პედაგოგიკა და მეთოდიკა; 4. სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია; 4. სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა, ფსიქოლოგია და ესთეტიკა; 5. მუსიკა და სიმღერა; 6. დაწყებითი განათლების პედაგოგიკა, მეთოდიკა და რუსული ენა.
2007 წლიდან პედაგოგიურ ფაკულტეტზე არსებობს სადისერტაციო საბჭო.
ფაკულტეტი 2011 წლიდან აქტიურად არის ჩართული ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. ფაკულტეტზე მიმდინარეობს აქტიური სტუდენტური ცხოვრება.
დღეისათვის ფაკულტეტს ემსახურება 4 პროფესორი, 24 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი, რომლებიც არჩეული არიან კონკურსის წესით, ასევე მოწვეული სპეციალისტები.