სწავლების მეთოდიკათა დეპარტამენტი (კათედრა) შეიქმნა 1960 წელს და აერთიანებდა 1957 წლიდან შემოღებულ დაწყებითი სწავლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობაზე შემავალ ყველა მაპროფილებელ დისციპლინას.
ესთეტიკური აღზრდის გაუმჯობესების მიზნით უკვე მომდევნო 1961-1962 სასწავლო წელს დაწყებითი სწავლების მეთოდიკათა კათედრას გამოეყო დაწყებითი სწავლების პედაგოგიკა–ფსიქოლოგიისა და პოლიტექნიკურ-ესთეტიკური აღზრდის კათედრა.
1985 წლამდე კათედრაზე მომზადდა 2 სადოქტორო და 6 საკანდიდატო დისერტაცია. კათედრა აერთიანებდა 8 მაპროფილებელ დისციპლინას. მათი კურსები მიჰყავდათ სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტებს, რომელთა პროფესიული დონის ამაღლებისა და დახელოვნებისათვის კათედრა ყოველთვის მნიშვნელოვან ყურადღებას იჩენდა.
2005 წელს უნივერსიტეტში გახორციელებულმა რეფორმებმა გამოიწვია კათედრის სახელწოდების შეცვლა და მას ეწოდა სწავლების მეთოდიკათა დეპარტამენტი.
1990-2006 წლებში სწავლების მეთოდიკათა კათედრაზე მომზადდა 6 საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2008-2012 წლებში ოთხი სადოქტორო დისერტაცია. გამოიცა რამდენიმე მონოგრაფია, სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო წიგნები.
სწავლების მეთოდიკათა დეპარტამენტში გაერთიანებულია სამი მიმართულება: 1. ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა; 2. მათემატიკის სწავლების მეთოდიკა; 3. ბუნებისმეტყველების სწავლების მეთოდიკა.
სწავლების მეთოდიკათა დეპარტამენტს აკადემიური შტატით ემსახურება 3 პროფესორი, 13 ასოცირებული პროფესორი და 1 ასისტენტ პროფესორი. დეპარტამენტში ასევე ხელშეკრულებით და საათობრივი წესით მოწვეულია მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტები.