ბრძანება კონკურსის ჩატარების შესახებ

 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2021 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული N 198 ხელშეკრულების საფუძველზე,
 ვბრძანებ:
1.     გამოცხადდეს კონკურსი საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისის კოორდინატორის  შესარჩევად (1 ვაკანსია).
2.     აპლიკანტი:
ა)   უნდა ფლობდეს დოქტორის ან დოქტორთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ან იყოს დოქტორანტურის სტუდენტი;
ბ) მიღებული უნდა ჰქონდეს მონაწილეობა სამეცნიერო საგრანტო პროექტის კონკურსებში (ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე), ან მოპოვებული ჰქონდეს სამეცნიერო საგრანტო პროექტი, ან გაწეული ჰქონდეს დახმარება სხვისთვის სამეცნიერო საგრანტო პროექტის მოპოვებაში;
გ) უნდა ფლობდეს უცხოურ ენებს (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის მცოდნე აპლიკანტს);
დ) სარეკომენდაციო და სამოტივაციო წერილების წარმოდგენა;
ე) საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Office Word; Microsoft Office Excel;  Microsoft Office PowerPoint;
 
3.     აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:
ა) ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის უნარი;
ბ)  დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
გ) ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
დ) კომპლექსური აზროვნების უნარი;
ე) ამოცანების დასახვისა და გადაჭრის გზების შემუშავების უნარი;
ვ) ტრენინგებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
ზ) გუნდური მუშაობის უნარი;
4.     საუნივერსიტეტო   სამეცნიერო   საგრანტო   ოფისის   კოორდინატორის   პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, უნივერსიტეტის მკვლევარებისთვის საინტერესო კონკურსების და სხვა აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
ბ) ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” საგრანტო კონკურსებისთვის პროექტების მომზადებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება, პროექტის მომზადებისა და განხორციელების პროცესში პარტნიორების მოძიების და სხვა ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში დახმარება.
გ) ეროვნულ ოფისთან „ჰორიზონტი ევროპა“ და ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელთან თანამშრომლობა და მათთან ერთად უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ტრენინგების მომზადება და ჩატარება.
დ) საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს/სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებაში მონაწილეობის მიღება.
 
5.     კონკურსში  მონაწილეობის  მსურველ  აპლიკანტს  მოეთხოვება  შემდეგი  საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე (იხ. განცხადება)
ბ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
გ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია)
გ)  განათლების,  კვალიფიკაციის  დამადასტურებელი  დოკუმენტი
დ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა დოქტორანტურის სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) სამოტივაციო წერილი
ვ) სარეკომენდაციო წერილი
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
თ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;
6.  კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ (დანართი 1). საბუთების არასრულად    გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას დისტანციურ რეჟიმში Zoom-ის პლატფორმის   საშუალებით (კონკრეტული თარიღი, დრო და Zoom-ის პლატფორმის მისამართი ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისის კოორდინატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 2);
8. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2022 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 7 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.  სათაურის ველში უნდა მიეთითოს საგრანტო ოფისის კოორდინატორი.
9. ბრძანება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2021 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული N198 ხელშეკრულების ფარგლებში საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისის კოორდინატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.atsu.edu.ge-
10. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე