უნივერსიტეტის კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, თამთა კობახიძის პროექტი "კვლევის პროცესის მონიტორინგისა და მხარდამჭერი მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ უნივერსიტეტებში" განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ 27 000 ლარით დააფინანსა.
პროექტი ითვალისწინებს რეგიონული უნვერსიტეტების (ბათუმი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი) კვლევითი ქსელის შექმნას, რომლის მიზანი აღნიშნულ უნივერსიტეტებში კვლევის მხარდამჭერი სერვისების გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება იქნება. პროექტის სტრუქტურა დაფუძნებულია კურტ ლევინის მიერ შემუშავებულ პრაქტიკის კვლევის პრინციპზე (Action Research), რაც გულისხმობს ორგანიზაციაში არსებული პრობლემების კვლევას სათანადო მეთოდოლოგიით და ორგანიზაციის ძალისხმევის მიმართვას მათ მოსაგვარებლად.
მომდევნო წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში ბენეფიციარ დაწესებულებებში ჩატარდება კვლევა, გამოიკვეთება კონკრეტული საჭიროებები და დაიგეგმება მათი გადაჭრის პრაქტიკული, ლოკალურ პრობლემებზე მორგებული გზები. პროექტი ასევე ითვალისწინებს უნივერსიტეტებში, კვლევის პროცესის მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირების პროფესიულ განვითარებას.
პროექტის შედეგები შეჯამდება კონფერენციისა და სამეცნიერო სტატიის სახით.