კვლევის მხარდაჭერა და განვითარება რეგიონულ უნივერსიტეტებში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 27,28 და 29 სექტემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრები პროექტის - კვლევის განვითარების პროცესის მონიტორინგისა და მხარდამჭერი მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ უნივერსიტეტებში - ფარგლებში. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ა(ა)იპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ, რომლის გრანტიორი უნივერსიტეტის კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა კობახიძეა.

პროექტი ითვალისწინებს რეგიონულ უნივერსიტეტებში, ლოკალურ პრობლემებზე მორგებული საჭიროებების გადაჭრის გზების ძიებას და უნივერსიტეტების მხარდაჭერას ადმინისტრაციული რესურსის პროფესიული განვითარების მიმართულებით. ჩართულ მხარეს წარმოადგენენ რეგიონული უნივერსიტეტები თელავის, ახალციხის, ბათუმის, ზუგდიდი და ქუთაისიდან. სამუშაო შეხვედრები შეეხებოდა კვლევის კომერციალიზაციის, კვლევითი პროექტების დაგეგმვა/განხორციელებისა და სადოქტორო განათლების საკითხებს. კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით წარმართულ შეხვედრებში მონაწილეები გაეცნენ ამ კუთხით არსებულ ვითარებას როგორც საერთაშორისო, ასევე ლოკალური მასშტაბით, იმსჯელეს პრობლემებზე და დასახეს მათი გადაჭრის გზები. პროექტის დასრულებამდე დაგეგმილია კიდევ ერთი აქტივობა კვლევის ხარისხის შეფასების მიმართულებით.

საერთო ჯამში მიღებულ ცოდნას მონაწილეები გააზიარებენ საკუთარ ინსტიტუციებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნის გავრცელებისა და შიდაინსტიტუციური თანამშრომლობის კუთხით. პროექტის დასრულებამდე იგეგმება ერთობლივი, კვლევითი ქსელის ჩამოყალიბება.