გამოყენებითი მექანიკის დეპარტამენტში გაერთიანებულია 1974 წელს ნ.მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაფუძნებული თეორიული მექანიკის, მასალათა გამძლეობის, მანქანათა ნაწილებისა და მანქანათა მექანიზმების თეორიის, მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრები. ამ კათედრებზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ისეთი გამოჩენილი მეცნიერები და უმაღლესი სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები, როგორებიც იყვნენ - პროფესორები ნოდარ ვალიშვილი, კონსტანტინე იმედაშვილი, ავთანდილ თვალჭრელიძე, მურმან ტყეშელაშვილი, მელერი გაჩეჩილაძე, ლევან ბოცვაძე, დოცენტები: გურამ ვალიშვილი, ნოდარ ნარსია, რევაზ ჯინჯიხაძე, დავით (ჯანო) დათუსანი, ვახტანგ ხუჭუა, კონსტანტინე ქობალავა, დიდიმი ებანოიძე, გულნარა კიკაბიძე, ნანა ჩირიკაშვილი, ნიკოლოზ გაბადაძე და სხვები. საზღვარგარეთ, წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში მოღვაწეობენ: პროფესორი მიხეილ ნიქაბაძე (მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და პროფესორი გერონტი სახვაძე (ა. ბლაგონრავოვის სახელობის მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტი), რომლებთანაც დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალს აქვს მჭიდრო კავშირები ერთობლივი სამეცნიერო კვლევების და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებზე მონაწილეობის სახით.
2004-2011 წწ. გამოყენებითი მექანიკის დეპარტამენტი ფუნქციონირებდა, როგორც ცალკე სტრუქტურული ერთეული, ხოლო 2011-2020 წწ. გაერთიანდა მანქანათმშენებლობის დეპარტამენტთან. 2020 წლის 23 ოქტომბრიდან უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა გამოყენებითი მექანიკის დეპარტამენტი, როგორც საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეული.
დეპარტამენტი ახორციელებს ზოგად ტექნიკური და სპეციალური კურსების სწავლებას საინჟინრო-ტექნიკური და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტების სამივე საფეხურის აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე. დეპარტამენტში გაერთიანებულია ორი მიმართულება: საინჟინრო გრაფიკა და საინჟინრო მექანიკა. საინჟინრო გრაფიკისა და მხაზველობითი გეომეტრიის მიმართულების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში არსებითია ტ.მ.კ. დოც. ვალერი ოცხელის წვლილი.
მექანიკის მიმართულება ტრადიციულად, გამორჩეულია სამეცნიერო კვლევებით, რასაც საფუძველი ჩაუყარა პოლიტექნიკური ინსტიტუტის პირველმა რექტორმა, ტ.მ.დ., პროფესორმა ნ.ვალიშვილმა. შეიძლება ითქვას, რომ გამოყენებითი მექანიკის ქუთაისის სამეცნიერო სკოლა აღიარებულია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ამ კუთხით აღსანიშნავია ასევე პროფესორების ავთანდილ თვალჭრელიძისა და კონსტანტინე იმედაშვილის მნიშვნელოვანი ღვაწლი და დემურ გიორხელიძის ძალისხმევა. გასული საუკუნის 70-80 - იან წლებში ქუთაისში ჩატარდა 5 საკავშირო კონფერენცია გარსებისა და ფირფიტების მექანიკაში, ბიომექანიკაში. 2007,2012 წწ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე ჩატარდა საერთაშორისო კონფერენციები „მექანიკის არაკლასიკური ამოცანები“, მიძღვნილი პროფესორ ნ. ვალიშვილის საიუბილეო თარიღებისადმი, 2019 წ. ჩატარდა საერთაშორისო ვორქშოპი „უწყვეტი ტანის მექანიკის პრობლემები“ იტალიის, საფრანგეთის, რუსეთის ფედერაციის მეცნიერთა მონაწილეობით.
დეპარტამენტს მჭიდრო კავშირები აქვს ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტთან, რ. დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტთან. დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი არის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის „რთული სისტემების მათემატიკა და მექანიკა“ (MeMoCS) წევრი, აქტიურად მონაწილეობს საქართველოს მექანიკოსთა კავშირის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციებში, ორგანიზებას უწევს კონფერენციების ჩატარებას (2012, 2013,...2018-2021 წწ.) და 2018 წლიდან პრეზიდენტის რანგში ხელმძღვანელობს ამ კავშირს. გამოქვეყნებულია სამეცნიერო სტატიები საზღვარგარეთ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, Scopus-ის მონაცემთა ბაზებში ხილულ ჟურნალებში.