ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი აწსუ-ს სამეცნიერო პიკნიკზე

25 სექტემბერი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალმხრივ საინტერესო ღონისძიებებით დატვირთული იყო, რომლებშიც აქტიურად იყო ჩართული ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო პიკნიკი, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებში სამეცნიერო კვლევების და ინოვაციების პოპულარიზაციას.
“გარემოს დაცვის ინჟინერიისა და გამოყენებითი ეკოლოგიის” და “ფარმაცევტული პრეპარატების ქიმიის და ტექნოლოგიის” სპეციალობების სტუდენტებმა ჩაატარეს საინტერესო ქიმიური ექსპერიმენტები, დაამზადეს სხვადასხვა სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებები, აქტუალური იყო გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარებული ექსპერიმენტები. დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ექსპერიმენტები საინტერესო აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ისე უცხოელი სტუმრებისათვის. მეცნიერები შვედეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან დაინტერესდნენ ჩვენი სტუდენტების მიერ ჩატარებული ცდებით, აღფროვანებული დარჩნენ ახალი საბიბლიოთეკო კორპუსით, ინოვაციების ლაბორატორია Fab-Lab-ით და ოვაციები არ დაიშურეს საზეიმო ღონისძიებაზე გამოსული უნივერსიტეტის სიმღერის და ცეკვის ანსამბლების მიმართ.