2020 წლის 20-21 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის “ჯანსაღი საკვების წარმოებისა და შენახვის ტექნოლოგიების შემუშავება ბოცვრის ხორცის გამოყენებით“ ფარგლებში, ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ``საკვები პროდუქტების წარმოების აქტუალური პრობლემები და თანამედროვე ტექნოლოგიები”.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები იყო: ჯანსაღი კვების პროდუქტები და სასურსათო უსაფრთხოება; კვების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები, პროცესები და მოწყობილობა.
კონფერენციაზე სამეცნიერო ნაშრომები წარმოადგინეს 12 ქვეყნის 30 სასწავლო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა, დოქტორანტებმა და მეწარმეებმა.
მოხსენებებით გამოვიდნენ უზბეკეთიდან, სომხეთიდან, თბილისიდან და ბათუმიდან ჩამოსული და ქუთაისელი მეცნიერები. გაიმართა საქმიანი დისკუსიები და იდეების ურთიერთგაზიარება. მომხსენებლებს გადაეცა სერტიფიკატები. სტუმრებისთვის გათვალისწინებული იყო კულტურული პროგრამა.
20 თებერვალს ასევე გაიმართა გრანტის ფარგლებში დაგეგმილი ექსპერიმენტალური და კლინიკური კვლევების შედეგების პრეზენტაცია. მიღებული მონაცემები მეტყველებდა ბოცვრის ხორცის დიეტურ და სამკურნალო- პროფილაქტიკურ თვისებებზე. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ბოცვრის ხორცისაგან დამზადებული ნაწარმი, რომლებიც უზრუნველყოფენ C-ვიტამინური უკმარისობის, Ca-ის ნაკლებობის, იოდდეფიციტური მდგომარეობის, რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკას და მათ ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.