2020 წლის 11 დეკემბერს საინჟინრო–ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, „ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების“ დეპარტამენტში სტუდენტური კონფერენცია ონ-ლაინ ფორმატით ჩატარდა.
კონფერენციაზე ორი სექცია მუშაობდა: 1. გარემოს დაცვის ტექნოლოგიები და 2. ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიები.
„გარემოს დაცვის ტექნოლოგიების“ მიმართულებით სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები აქტუალურ საკითხზე - კოვიდ 19-ის პირობებში შემოღებული შეზღუდვების ზეგავლენის შესახებ ჰაერის ხარისხზე საქართველოს და ევროპის ქალაქებში. საინტერესო იყო სტუდენტთა მოხსენებები თუთიის ნაერთებით მდინარეების დაბინძურებისა და სასწავლო პროცესში მარტივი ექსპერიმენტების გამოყენების შესახებ.
„ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიების“ მიმართულებით სტუდენტების მოხსენებები მოიცავდა მცენარეული ნედლეულის გამოყენებას, როგორც ფარმაცევტული, ისე კოსმეტიკური დანიშნულებით, ასევე ტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული მეორადი ნედლეულის გადამუშავებას. სტუდენტებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ორგანიზმში ტაბლეტების დაშლადობის შესწავლის შედეგები და ბუნებრივი ნედლეულის ბაზაზე კბილის პასტის დამზადების ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილეობდა „გარემოს დაცვის ინჟინერიის და გამოყენებითი ეკოლოგიის“ და „ფარმაცევტული პრეპარატების ქიმიის და ტექნოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამების ყველა კურსების სტუდენტები, მათ შორის პირველკურსელებიც, რომლებისთვისაც პირველი სასწავლო წელი დისტანციური რეჟიმით განსაკუთრებულად უჩვეულოდ მიმდინარეობს.