წარმოდგიდენთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მორიგ პროექტს, რომელმაც გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2021 წლის კონკურსში - „ძველი ქართული ნაქსოვი ორნამენტის სახეობების კვლევა და ტექსტილის ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავება“.
პროექტის განმახორციელებელია საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი, გამოყენებითი დიზაინის დეპარტამენტი. პროექტი გულისხმობს ქართული ორნამენტის, როგორ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოძიებას, შესწავლა-გაანალიზებას, სისტემატიზაციასა და კლასიფიცირებას თანამედროვე საფეიქრო ტექნოლოგიებში დანერგვის მიზნით. დაგეგმილია ასევე პროექტის საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელება, რომელიც გულისხმობს დაინტერესებულ პირთათვის (პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები) სისტემატიზირებული და ტიპოლოგიზირებული ქართული ორნამენტის ნიმუშების დამზადების პროცესის ვიზუალიზაცია-ვერბალიზაციას.
პროექტის საბოლოო პროდუქტი იქნება ქართულ-ინგლისურენოვანი წიგნი _ „ჩაიცვი ქართულად“, რომელშიც ტიპოლოგიურად კლასიფიცირებული და სისტემატიზირებული ორნამენტი წარმოდგენილი იქნება ფოტოებითა და ესკიზების სახით. შედეგები მნიშვნელოვანი და ღირებული იქნება ქართული, კავკასიური, აღმოსავლური და ევროპული კულტურის საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის, ასევე გამოყენებით დიზაინში მომუშავეთა შორის, მეწარმეებისთვის, რომელთაც შეეძლებათ თანამედროვე ნაწარმში გამოიყენონ ქართული ორნამენტი ან მისი ფრაგმენტები; ხელს შეუწყობს შინამრეწველობის აღორძინებას და ინდივიდუალური მეწარმეობის განვითარებას.
უნივერსიტეტი ულოცავს ფაკულტეტს ამ გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს!