2022 წლის 31 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა იმერეთში სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის (EDP) ინიცირებას. შეხვედრა მიზნად ისახავდა ჭკვიანი სპეციალიზაციისა და მისი საკვანძო კომპონენტის - სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ხარისხობრივი ანალიზის საფუძველზე მიღებული ძირითადი მიგნებების წარმოდგენას, რომლებიც ეფუძნება არსებულ ეკონომიკურ და საინოვაციო მონაცემებსა და მათთან დაკავშირებულ შემდგომ გეგმებს. ღონისძიება განკუთვნილი იყო, როგორც ეროვნული პოლიტიკის შემმუშავებელი ინსტიტუციებისა და იმერეთის რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების წარმომადგენლებისთვის, ასევე სხვა უმთავრესი დაინტერესებული მხარეებისთვის, შესაბამისი ბიზნეს და აკადემიური სტრუქტურებისთვის, ადგილობრივი/სათემო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის (CBOs), რომლებიც მუშაობენ ადგილობრივი განვითარებისა და სოციალური გამოწვევების საკითხებზე.
საქართველო ერთ-ერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანას შორის, რომელმაც გამოთქვა ინტერესი ჭკვიანი სპეციალიზაციის ნოვატორული მიდგომის გამოყენების მიმართ. საამისოდ, საქართველომ უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი ქმედებები: - ეროვნული და რეგიონული ჭკვიანი სპეციალიზაციის გუნდების ჩამოყალიბება, - ჭკვიანი სპეციალიზაციისთვის საპილოტე რეგიონის (იმერეთის) შერჩევა, - კვლევების სერიის მომზადება რეგიონის ეკონომიკური და საინოვაციო პოტენციალის შესახებ, - და ყველაზე პერსპეტიული დომეინების (სამეწარმეო მიმართულებების) გამოვლენა სამეწარმეო აღმოჩენის პროცესისთვის.
ოთხი სამეწარმეო მიმართულებიდან სამი თანხვედრაშია საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის საგანმანათლებლო და კვლევით პროფილთან. ესენია:
1. ხე-ტყის და მერქნის გადამუშავება, ხის პროდუქტებისა და ავეჯის წარმოება;
2. ტანსაცმლის, ტყავის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის წარმოება;
3. აგრობიზნესი და ხორცის გადამუშავება.
რეგიონული ზრდისა და სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ჭკვიანი სპეციალიზაციისთვის საქართველოში საპილოტედ იმერეთის შერჩევა გონივრული გათვლაა იმერეთისათვის ტრადიციული დარგების გაცოცხლების, აღორძინების, განვითარების და ჯერ კიდევ არსებული მაღალკვალიფიციური აკადემიური პოტენციალისა, თუ პროფესიონალი პრაქტიკოსი ადამიანური რესურსის ოპტიმალური გამოყენების თვალსაზრისით.
აღნიშნული პროგრამის სრულფასოვნად განხორციელება ხელს შეუწყობს ერთ დროს ქვეყნის ეროვნულ შემოსავალში ძირითადი წილით წარმოდენილი, ყველაზე რენტაბელური დარგების და შესაბამისად რეგიონის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას, შეაჩერებს ახალგაზრდების და კვალიფიციური სპეციალისტების მიგრაციას, ხელს შეუწყობს დედაქალაქის განტვირთვას და ქვეყანაში დემოგრაფიული წონასწორობის ბალანსის დამყარებას. საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური ჯგუფი აცხადებს მზაობას, გვერდით დაუდგეს ამ საქვეყნო წამოწყებას.
რადგან ღონისძიების ერთ–ერთი მიმართულება ტანსაცმლის, ტყავის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის წარმოება იყო, ფაკულტეტმა გადავწყვიტა სტუმრების წინაშე წარმდგარიყო „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტის სტუდენტების მიერ შექმნილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კოლექციით, რომელიც მიეძღვნა საქართველოს, უკრაინასა და მშვიდობის თემას.