2022 წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რომელიც მიეძღვნა იმერეთში სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის (EDP) ინიცირებას. ინიცირება მიზნად ისახავს ჭკვიანი სპეციალიზაციისა და მისი საკვანძო კომპონენტის - სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ასევე, ხარისხობრივი ანალიზის საფუძველზე მიღებული ძირითადი მიგნებების წარმოდგენას, რომლებიც ეფუძნება არსებულ ეკონომიკურ და საინოვაციო მონაცემებსა და მათთან დაკავშირებულ შემდგომ გეგმებს.
ოთხი სამეწარმეო მიმართულებიდან, რომელიც იმერეთის რეგიონისათვის დაინიცირდა, სამი თანხვედრაშია საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის საგანმანათლებლო და კვლევით პროფილთან. ესენია:
დომეინი 2. ხე-ტყის და მერქნის გადამუშავება, ხის პროდუქტებისა და ავეჯის წარმოება;
დომეინი 3 - კვების ინდუსტრია (აგრობიზნესი, ხორცის გადამუშავება, და ჰორეკას ინდუსტრია);
დომეინი 4 - ტექსტილის, ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება.
ღონისძიებები განკუთვნილი იყო, როგორც ეროვნული პოლიტიკის შემმუშავებელი ინსტიტუციებისა და იმერეთის რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების წარმომადგენლებისთვის, ასევე სხვა უმთავრესი დაინტერესებული მხარეებისთვის, შესაბამისი ბიზნეს და აკადემიური სტრუქტურებისთვის, ადგილობრივი/სათემო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის (CBOs), რომლებიც მუშაობენ რეგიონის განვითარებისა და სოციალური გამოწვევების საკითხებზე. ინიცირებას თან მოყვა სამუშაო სესიები, რომლებიც თითოეული მიმართულებისათვის 3 ეტაპად გაიმართა. ყველა შეხვედრა გაიმართა ქუთაისის მერიაში და მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი რევაზ კაკულია, ევროკომისიის ერთიანი კვლევითი ცენტრის (JRC) ადგილობრივი ექსპერტი ზვიად არჩვაძე, ევროკომისიის ერთიანი კვლევითი ცენტრის (JRC) საერთაშორისო ექსპერტი ნინო დამენია, GIZ–ის წარმომადგენელი საქართველოში მარიამ ჟორჟიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით კალატოზიშვილი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: მანანა ქარჩავა, მაია გრძელიძე, ნანა თხელიძე, ვაჟა წიქვაძე; იმერეთის რეგიონის ბიზნეს–სექტორის და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები. შეხვედრების მსვლელობის დროს შემუშავდა პრიორიტეტული დომეინის/სამეწარმეო მიმართულებების ხარისხობრივი კვლევის ანგარიშები, SWOT ანალიზი, განისაზღვრა იმერეთის ჭკვიანი სპეციალიზაციის სტრატეგიის ინსტრუმენტები, აქტივობები, მოსალოდნელი შედეგები და გავლენის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინდიკატორები, შემუშავდა ღირებულებათა ჯაჭვი, დაისახა კვლევასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ზრდის, ადგილობრივ წარმოებაში თანამედროვე დანადგარების გამოყენების და ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის, ნაწარმის უვნებლობის, ხარისხის და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის შესაძლებლობის და დომეინების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის გაზრდის მექანიზმები. შემუშავდა პრიორიტეტული საპროექტო იდეები და შეთავაზებები.
რეგიონული ზრდისა და სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ჭკვიანი სპეციალიზაციისთვის საქართველოში საპილოტედ იმერეთის რეგიონის შერჩევა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება გონივრული გათვლაა იმერეთისათვის ტრადიციული დარგების გაცოცხლების, აღორძინების, განვითარების და ჯერ კიდევ არსებული მაღალკვალიფიციური აკადემიური პოტენციალისა, თუ პროფესიონალი პრაქტიკოსი ადამიანური რესურსის ოპტიმალური გამოყენების თვალსაზრისით.
აღნიშნული პროგრამის სრულფასოვნად განხორციელება ხელს შეუწყობს ერთ დროს ქვეყნის ეროვნულ შემოსავალში ძირითადი წილით წარმოდგენილი, რენტაბელური დარგების და შესაბამისად რეგიონის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას, შეაჩერებს ახალგაზრდების და კვალიფიციური სპეციალისტების მიგრაციას.
სესიების მუშაობაში საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობას დადებითი შეფასება მიეცა პროექტის ინიციატორების მხრიდან. დასახული პრიორიტეტული საპროექტო იდეები და შეთავაზებები ითვალიწინებებს ფაკულტეტის მუდმივ ჩართულობას და საქმიან თანამშრომლობას რეგიონში ჭკვიანი სპეციალიზაციის პროექტის განხორციელების პროცესში.