გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა დაიწყო ,,მწვანე სტიპენდიების“ პროგრამის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას და ამ მიმართულების მაგისტრანტი სტუდენტების წახალისებას. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის უწყებებში. სტიპენდიის მიღება შეუძლიათ მაღალი აკადემიური მოსწრების, საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილე აქტიურ მაგისტრანტებს. საქართველოს 8 უნივერსიტეტიდან 1500 ლარიანი სტიპენდიით გარემოსდაცვითი მიმართულების 32 სტუდენტი დაჯილდოვდა, მათ შორის აწსუ-ს „გარემოს დაცვის ტექნოლოგიების“ სამაგისტრო პროგრამის ოთხი სტუდენტი: თამარი თევდორაძე, თორნიკე ლომიძე, ნინო ხუსკივაძე და გურამი ეჯიბია.
„მწვანე სტიპენდიების” პროგრამა ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით.