ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმსხვილესი საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულია. მას ჰყავს ყველაზე მრავალრიცხოვანი სტუდენტთა კონტინგენტი და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. იგი ისტორიას 1991 წლიდან ითვლის, როცა მთავრობის გადაწყვეტილებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა იურიდიული და ეკონომიკური ფაკულტეტები, რომლის ერთიან მართვას ხელმძღვანელობდა დეკანი რობერტ გოლეთიანი (პირველი მიღება განხორციელდა „სამართალმცოდნეობის“ და „ფინანსები და კრედიტის“ სპეციალობაზე 1992 წლიდან), ხოლო 1994 წლიდან ფაკულტეტების დეკანები გახდა რობერტ გოლეთიანი და ევგენი ბლიაძე.
ამ პერიოდში, ფაკულტეტმა შეძლო ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში წარმატებით განეხორციელებინა სამართლის, სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პროფესიული პროგრამები.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში, ეკონომიკისა და სამართლის მიმართულებების განვითარებაში, უდიდესი წვლილი მიუძღვით გივი სანიკიძეს, რევაზ კაკულიას, იაკობ მესხიას, რევაზ შელეგიას, იროდიონ ქვაჩახიას, ნიბლია უგრეხელიძეს, აპალონ ფალიაშვილს, ზაურ ჯინჯოლავას და სხვებს.
1995 წელს ფაკულტეტზე დაარსდა „ფინანსებისა და კრედიტის“ კათედრა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა რევაზ კაკულია. იმავე წელს, იაკობ მესხიას ხელმძღვანელობით გაიხსნა „აღრიცხვა, ანალიზისა და კონტროლის“ კათედრა, რომელმაც აკადემიურად უზრუნველყო „საბუღალტრო აღრიცხვა და საგადასახადო საქმის“ საგანამანათლებლო პროგრამის განვითარება. 2002 წლიდან „ეკონომიკური თეორიის“ კათედრის ბაზაზე შოთა ლომინაშვილის ინიციატივით დაიწყო მიღება „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების“ სპეციალობაზე.
პერიოდულად, „იურიდიულ“ ფაკულტეტზე ყალიბდება „სამართლის თეორიის“, „მომქმედი კანონმდებლობის“, „კონსტიტუციური სამართლის“, „სისხლის სამართლის“ და „სამოქალაქო სამართლის“ კათედრები, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციურ და აკადემიურ განათლებას, რომლებსაც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა: მინდია უგრეხელიძე, გივი ლობჟანიძე, ზურაბ ახვლედიანი, თენგიზ ჯაყელი, ომარ მინდაძე და მამუკა შენგელია.
1993 წელს ნოდარ ტაბიძის ძალისხმევით შეიქმნა ჟურნალისტიკის საგანამანათლებლო პროგრამა, რომლის სასწავლო პროცესს აკადემიურად უზრუნველყოფდა ჟურნალისტიკის კათედრა. მომდევნო წლებში მას ხელმძღვანელობდა გრიგოლ ქობალიანი.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე მიღება 1995 წლიდან დაიწყო, შესაბამისი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მხარდაჭერით, რომელსაც ლევან სვანაძე ხელმძღვანელობდა.
2004 წელს ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი ხდება გიორგი ღავთაძე, ხოლო „იურიდიულის“- ნოდარ მუშკუდიანი. 2005 წლიდან ფაკულტეტების გაერთიანების პროცესმა ისინი კვლავ ერთმანეთს დააკავშირა, რომლებსაც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ ერეკლე ჯაფარიძე და გოდერძი ვაჭრიძე.
2006 წელს ქ. ქუთაისში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შედეგად, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდნენ. ამ უკანასკნელში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენდა, 1995 წელს შექმნილი - ეკონომიკისა და ბიზნესის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტი, რომლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო დოდო უკლება, ხოლო 1996-2005 წწ. - ინეზა წერეთელი და 2005-2006 წწ. - იზოლდა გაბადაძე.
მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მომზადება ხდებოდა სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით. სხვადასხვა დროს მაპროფილებელ კათედრებს ხელმძღვანელობდნენ: ნუგზარ თოდუა, ელვარდი გელხვიიძე, იზოლდა გაბადაძე, ემზარ ჟულაყიძე, ზურაბ მიქაბერიძე, თამაზ გამსახურდია, მირიან გიგოლაშვილი, ამირან ნიკოლეიშვილი, ავთანდილ ბუცხრიკიძე, გიგა გვენცაძე და დინარა ფორჩხიძე.
2010 წელს, აწსუ-სთან სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად, ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტს შეუერთდა „ეკონომიკისა და ბიზნესის“ ფაკულტეტი, რომლის ისტორიული წინაპარი - ეკონომიკის ფაკულტეტი, შეიქმნა 1990 წელს (დეკანი ზაურ კვარაცხელია), ხოლო შემდეგ - როსტომ გველესიანი, შოთა ხეცურიანი, რამაზ კილაძე და იზოლდა ხასაია. ფაკულტეტი თავიდან აერთიანებდა „პოლიტიკური ეკონომიისა“ და „დარგების ეკონომიკისა და მართვის“ კათედრებს, თუმცა პერიოდულად იხსნებოდა და ფუნქციონირებდა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ბიზნესის დარგობრივი მიმართულების სპეციალობების მაპროფილებელი კათედრები, რომლებსაც სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდნენ: ვალერიან ბენიძე, იროდიონ ქვაჩახია, რამზე ვეკუა, ზაქარია მაისურაძე, იური ნორაკიძე, ზოია თაკვარელია, როსტომ გველესიანი, ნოდარ ხასაია, იზოლდა ხასაია და სერგო ცაგარეიშვილი.
ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ორიენტირებულია საზოგადოებისთვის კვალიფიცირებული და კომპეტენტური, კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე აქტიური კადრების მიწოდებაზე. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცეში იგი არის ცნობადი მრავალპროფილიანი სტრუქტურული ერთეული და მის კურდამთავრებულს აქვს შესაბამისი კომპეტენცია შესაძლებლობების რეალიზებისთვის სოციალურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ სივრცეში.