აგრარიკოს სპეციალისტთა საერთაშორისო სერთიფიცირება

მ/წის 22 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებზე საერთაშორისო სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი, რომლებმაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესიული განათლებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტისა (DRDVE of GIPA) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ერთობლივი საგრანტო პროექტის ფარგლებში “სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავება კულინარული მცენარეების და ბოსტნეულის სასათბურე მეურნეობაზე“ გაიარეს ტრენინგები ამერიკის (კალიფორნია) worldlink-ის (საზოგადოებრივი მხარდაჭერით დაფინსებული, სტუდენტთა განვითარებისა და გაცვლითი პროგრამების საერთაშორისო ორგანიზაცია) პატრონტაჟითა და საგარეო საკითხებისათვის მოქალაქეთა ქსელის ფილიალი CNFA-საქართველო და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დაფინანსებით.

ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ამერიკის რამდენიმე კოლეჯის ანალოგების გათვალისწინებით, შეიქმნა ექვსი ტრენინგ-მოდული (3- გრძელვადიანი (30 სთ); 3-მოკლევადიანი (10 სთ)) ბოსტნეულის, მწვანილის და სალათების სასათბურე წარმოებაზე და სერთიფიცირების პროცესი გაიარა ცხრა სპეციალისტმა.
აღსანიშნავია, რომ მოდულების შექმნასთან დაკავშირებულ მუშაობაში მონაწილეობას იღებდა განათლების ექსპერტიც, რომლის ჩართულობით პროექტის ფარგლებში შექმნილმა მოდულებმა მიიღეს პროფესიული განათლების მოდულის სახე, რაც მათ საგანმანათლებლო სივრცეში დანარგვის პერსპექტივებს ქმნის აკრედიტაციის გავლის შემდეგ.
აგრარული ფაკულტეტიდან პროექტს კოორდინერებას უწევდა ასოცირებული პროფესორი ნინო კელენჯერიძე.
მონაწილეებს მიესალმნენ: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელი-ქალბატონი ლუიზა ნამიჩეიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი-ქალბატონი ნანა ქაშაკაშვილი და აწსუ აგრარული ფაკულტეტის დეკანი-ქალბატონი ქეთევან კინწურაშვილი.