2021 წლის 2 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს 14 უნივერსიტეტის (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ალტე უნივერსიტეტი (ყოფილი თბილისის ღია უნივერსიტეტი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) სამართლის სკოლების (ფაკულტეტების) მონაწილოებით გაიმართა ყოველწლიური ღონისძიება „ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეული“, რომელშიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტი აქტიურად იყო ჩართული ონლაინ შეხვედრებში კვირეულის მოსამზადებელ სტადიებზე და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტაში. სამართლის დეპარტამენტიდან კვირეულის ფარგლებში წარდგენილი იქნა ორი საჯარო ლექცია.
6 დეკემბერს გაიმართა პირველი საჯარო ლექცია თემაზე: პანდემიის გავლენა საერთაშორისო კერძოსამართლებრივ ურთიერთობებზე (მომხსენებელი, სამართლის დოქტორი თამარ მსხვილიძე). ლექციის ფარგლებში განხილული იქნა კოვიდპანდემიით გამოწვეული გლობალური კრიზისის გავლენა ტრანსნაცინალურ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც გასაზღვრავენ ადამიანის უფლებების დაცვის, პირთა გადაადგილების, უცხოური გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების და საერთაშორისო ვაჭრობის ძირითად ასპექტებს.
7 დეკემბერს გაიმართა მეორე საჯარო ლექცია თემაზე: პანდემიის დროს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის პრობლემა პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში (მომხსენებელი: თამარ ჭარბაძე, მოწვეული ლექტორი). ლექციის ფარგლებში განხილული იქნა ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების წესები, ასევე, პანდემიის დროს სახელმძღვანელო პრინციპები და შესაბამისი პრაქტიკა. ყურადღება გამახვილდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების თავისებურებებზე, საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის საჭიროებასა და სახელმძღვანელო პრინციპებზე.
კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტებმა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩაატარეს, რომელთა უმეტესობა ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.
კვირეული დასრულდა 10 დეკემბერს და ტრადიციისამებრ მონაწილე უნივერსიტეტების მიერ ხდება იმ პირის გამოვლენა, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ადამიანის უფლებების დაცვაში. უნივერსიტეტების გადაწყვეტილებით, წელს აღნიშნული ჯილდო გადაეცემა ესმა გუმბერიძეს და გიორგი ახმეტელს, რომლებიც წლებია მნიშვნელოვან როლს თამაშობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვასა და ამ პირთა საზოგადოებრივი რეინტეგრაციის პროცესში.
მონაწილე უნივერსიტეტები ულოცავენ მათ აღნიშნული ჯილდოს მიღებას და უსურვებენ წარმატებას მომავალ საქმიანობაში.
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID-PROLoG) მხარდაჭერით.