ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა 2022 წლის 10 ივნისს ჩაატარა ამავე ფაკულტეტის 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები“.
კონფერენციაზე 45 სტატია იქნა წარდგენილი 76 სტუდენტის მიერ, კონფერენცია გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა შონიამ, რომელმაც სტუდენტებს მოუწონა კონფერენციით დაინტერესება და საკუთარი ხედვის საჯაროდ გამოტანა. განსაკუთრებით გამოყო პირველი კურსის სტუდენტების მონაწილეობა, რომლებმაც გაბედეს და პირველი ნაბიჯი გადადგეს მეცნიერებაში.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს რექტორის მოადგილემ, შალვა კირთაძემ, დეკანის მოადგილეებმა და დეპარტამენტების წარმომადგენლებმა. რექტორის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კონფერენციებში მონაწილეობის როლზე სტუდენტის შემდგომ კარიერულ წინსვლაში და მადლობა გადაუხადა სტუდენტებს ისეთი აქტუალური საკითხებით დაინტერესებაზე, როგორიცაა რეგიონული განივთარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები.
პლენარულ სხდომაზე მოხსენებით წარდგნენ მარიამ დენოსაშვილი და სოსანა ლომაია. მარიამ დენოსაშვილმა აუდიტორიას წარუდგინა სტუდენტთა ცოდნის კონტროლის ფორმების და მეთოდების ეფექტიანობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები. ხოლო სოსანა ლომაიამ ისეთი აქტუალური თემა, როგორიცაა „თანამედროვე ანტირუსული სანქციები და მისი ეფექტიანობა“. ორივე მოხსენებამ დიდი ინტერესი და დისკუსია გამოიწვია.
პლენარული სხდომის შემდეგ კონფერენციის ფარგლებში მუშაობა წარიმართა ორ სექციად:
თანამედროვე ანტირუსული სანქციები და მისი ეფექტიანობა;
თანამედროვე ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობები.
სექციური მუშაობა წარიმართა ინტერაქტიულად და დისკუსიაში ჩართული იყვენენ როგორც სტუდენტები, ისე ლექტორ-მასწავლებლები.
კონფერენციის ფარგლებში მოხდა ფაკულტეტის სარეკლამო კლიპის პრემიერა და ბოლოს კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.