მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს, არავინ დატოვო მიღმა - 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.
ამ დღის აღნიშვნას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტრადიციულად წელსაც შეუერთდა. სიმბოლურად, უნივერსიტეტის ეზოში ფერადი წინდები გამოიფინა. ამავდროულად, პედაგოგიური ფაკულტეტის ჩართულობით, ბავშვის უფლებათა ცენტრში კი ქუთაისის საჯარო სკოლების სპეცმასწავლებლებისათვის საინფორმაციო ტრენინგ/სემინარი გაიმართა. შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა და პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა მამული ბუჭუხიშვიკმა გახსნეს. ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქობულაძემ მათ იმ სასწავლო რესურსებისა და აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა გამოყენებასაც პრაქტიკაში შეძლებენ.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება დაუნის სინდრომის მქონე პირთა შესახებ, მათი უფლებების დაცვა და აქტიურ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა.
დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე პირველად 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა; თარიღი შემთხვევით არ აურჩევიათ, დღე 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე, ტრისომიულ მოვლენას.