UNICEF-ის მხარდაჭერილი ლექციათა ციკლი „ბავშვის უფლებების“ სწავლება

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე დაიწო UNICEF-ის მხარდაჭერით შექმნილი კურსის „ბავშვთა უფლებების“ სწავლება, რომლის მიზანს წარმოადგენს ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული განმანათლებლის მომზადება. 1 აპრილს, ლექცია და პრაქტიკული აქტივობები ჩატარდა უნივერსიტეტში არსებულ ბავშვის უფლებათა ცენტრში. კურსს უძღვებოდა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვის უფლებათა ექსპერტი სოფიო მორალიშვილი.

სასწავლო კურსის შინაარსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბავშვის უფლებების კონვენციისა და საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსი, ბავშვზე ზრუნვის სისტემა საქართველოში, ბავშვის უფლებები განათლებაში და სხვა. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები მიიღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ შეძლებენ ბავშვის უფლებების ადვოკატირებას ბავშვის უფლებათა დაცვის მარეგულირებელი მექანიზმების გამოყენებით. მიზნის მისაღწევად გამოიყენება სწავლა-სწავლების ტრადიციული და თანამედროვე მეთოდები, რაც ასევე ითვალისწინებს შერჩეულ მომხსენებლებს საჭიროებისამებრ კონკრეტულ საკითხებზე და ვიზიტებს სპეციალიზირებულ ორგანიზაციებში.
ლექციას დაესწრო პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი მამული ბუჭუხიშვილი და პედაგოგიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ბავშვის უფლებათა ექსპერტი მაია ახვლედიანი. დისკუსია გაიმართა განათლებაში ბავშვის უფლებების საკითხის ირგვლივ, ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, მიმდინარე აქტივობებისა და სამომავლო ინტერვენციების ირგვლივ.