საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფაკულტეტს დამოუკიდებელი ინსტიტუტის ოფიციალური სტატუსი 1973 წლის 23 სექტემბერს მიენიჭა და 1974 წელს ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი გაიხსნა, რომელსაც 1977 წელს აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის სახელი მიენიჭა. პირველად გახსნილ კათედრებს შეემატა ელექტროტექნიკის კათედრა, რომელსაც სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდნენ დოცენტები შ. მაღლაკელიძე, ნ. ჩაკვეტაძე, ა. ხურცილავა, ო. ზივზივაძე.
ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი წარმოადგენს ელექტროტექნიკის კათედრის სამართალმემკვიდრეს. 1992 წლის 21 სექტემბერს ქუთაისის ნ. ი. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა და იგი ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტად იწოდება.
ამ წლიდან ელექტროტექნიკის კათედრა შეერწყა ჰიდრავლიკის, ელექტრონიკის, ავტომატიკის კათედრებს და შეიქმნა ელექტროტექნიკისა და ელექტროენერგეტიკის კათედრა-დეპარტამენტი.
2006 წლიდან განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების გზით. საგანმანათლებლო დაწესებულებას სტატუსად განესაზღვრა უნივერსიტეტი და ეწოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ამ წლიდან ელექტროტექნიკისა და ელექტროენერგეტიკის კათედრა-დეპარტამენტი გადაკეთდა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტად, რომლსაც დღემდე ხელმძღვანელობს პროფესორი ომარ ზივზივაძე. დეპარტამენტი აერთიანებს 5 მიმართულებას: ელექტროენერგეტიკა, ტელეკომუნიკაცია, მიკრო და ბიოსამედიცინი ელექტრონიკა, კრიმინალისტიკური ტექნიკა და ტექნიკური ექსპერტიზა, ენერგეტიკის ეკონომიკა და მართვა. დეპარტამენტი ემსახურება სწავლების სამივე საფეხურს: ბაკალავრიატს, მაგისტრატურას, დოქტორანტურას, ასევე ახორციელებს პროფესიულ პროგრამას ,,ელექტრიკოსი“.
დეპარტამენტში მუშაობს 1 პროფესორი, 8 ასოცირებული პროფესორი და 3 ასისტენტ პროფესორი.
დეპარტამენტს მჭიდრო, საქმიანი კავშირები აქვს საქართველოს ენერგოსექტორის შემდეგ ორგანიზაციებთან: ჰესები, სემეკი, ენერგო-პრო საქართველო, ელექტროენერგიის სისტემის კომერციული ოპერატორი, ქუთაისის ინტერვენციული ცენტრი, კომპანია ,,ახალი ქსელები“ და სხვა. ამ საწარმოებთან გაფორმებული მემორანდუმებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე ხორციელდება სტუდენტთა სტაჟირებები, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკების უზრუნველყოფა შესაბამისი პროფილის ობიექტებზე.