უმაღლესი სამედიცინო განათლების პროგრამებზე ჩარიცხულ პირველკურსელებს საინფორმაციო შეხვედრები ჰქონდათ ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან. მათ როგორც მომავალ კოლეგებს სამედიცინო განათლების თანამედროვე მოთხოვნებსა სირთულეებზე ესაუბრათ ფაკულტეტის დეკანი ასოც.პროფ. ირინე ფხაკაძე, ინფორმაცია სასწავლო პროცესის სტრუქტურისა და ორგანიზების შესახებ მიაწოდათ დეკანის მოადგილემ ასოც. პროფ. მაკა ჯავახიამ, ცალკეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეხვდნენ შესაბამისი პროგრამების ხელმძღვანელები ასოც.პროფ. თამარ ვალიშვილი, პროფ. ნანა შავლაყაძე, პროფ. თენგიზ ლობჟანიძე, პროფ. მიხეილ სამსონია.
საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ მომავალმა მედიკოსებმა ჯერ ვირტუალურ და შემდეგ რეალურ კლინიკური სივრცეში გადაინაცვლეს, სამეცნიერო პიკნიკზე მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური უნარების ლაბორატორიასთან სტუდენტებთან ერთად არაერთი დაინტერესებული პირი შეჩერდა, მათთვის შესაძლებელი გახდა კლინიკური უნარების გამომუშავების დემონსტრირება.
მთელი კვირის განმავლობაში პირველკურსელთათვის დაიგეგმა და განხორციელდა ვიზიტები აწსუ საუნივერსიტეტო კლინიკებში, სადაც წარმატებით ხორციელდება მედიცინის ფაკულტეტის უმაღლესი სამედიცინო განათლების პროგრამების კლინიკური კომპონენტი, იქვე გაიმართა საუბრები ახალგაზრდა წარმატებულ ექიმებთან.
საგანმანათლებლო პროგრამის „სამკურნალო საქმე“ სტუდენტები ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში კლინიკის ხელმძღვანელმა ირაკლი გოგინავამ მიიღო. მან პირველკურსელებს გააცნო სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ პროფილი, საკუთრივ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სხვადასხვა დეპარტამენტებში დანერგილი რიგი სიახლეები, პარალელურად ისაუბრეს ექიმის მორალურ-ეთიკური ღირებულებების შესახებ.
საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა + პბლ“ სტუდენტები ზურაბ ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ, აქ მაქსიმალური მხარდაჭერაა სტუდენტების და რეზიდენტების პროფესიული განვითარების მიმართულებით. საინტერესოდ და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა საექიმო საქმიანობის სირთულეებისა და ექიმის განსაკუთრებული პასუხისმგებლობის შესახებ საუბარი ახალგაზრდა ქირურგ აკაკი გვაზავასთან.
საგანმანათლებლო პროგრამის „სტომატოლოგია“ სტუდენტები ქუთაისის რეგიონალურ სტომატოლოგიურ ცენტრში პროფესორ თენგიზ ლობჟანიძეს შეხვდნენ. მომავალი სტომატოლოგები დაინტერესდნენ სტომატოლოგიის უახლესი მიღწევებითა და არსებულ ცენტრში მოქმედი სერვისებით.
საგანმანათლებლო პროგრამის „ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია“ სტუდენტებმა დაათვალიერეს რეაბილიტაციის ცენტრი „ნაიო“. დარგის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე მათ ცენტრის დირექტორი ზაზა პატარიძე ესაუბრათ.
გაცნობითი კვირის აღნიშნული შეხვედრებით მიღებული ინფორმაცია და შთაბეჭდილებები მნიშვნელოვანია სამედიცინო პროგრამებზე ჩარიცხული ახალგაზრდების მომავალი საქმიანობისათვის.