16-17 ივლისსს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის მოწვევით იმყოფებოდა მიდლსექსის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, მოწვეული ტრენერი პოლ გიბსი, რომელმაც მედიცინის ფაკულტეტის ლექტორ-მასწავლებლებისათვის ჩაატარა რამდენიმე ტრენინგი შემდეგი მიმართულებით: სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მეთოდები, კვლევითი ნაშრომის ხელმძღვანელობა და როგორ მოვამზადოთ სამეცნიერო სტატია.
ვიზიტის მიმდინარეობაში პოლ გიბსმა მოინახულა მედიცინის ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, შეხვდა აწსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს თეა კორძაძეს, საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს დავით გეგეჭკორს და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს გიორგი ჭიჭინაძეს; მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ნატო ალავიძეს. მან ასევე დაათვალიერა ქალაქის ღირშესანიშნეობები.
პოლ გიბსი რამდენიმე საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრია (მათ შორის Quality in Higher Education), მისი რედაქტორობით გამოდის სამეცნიერო სერია SpringerBriefs on Key Thinkers in Education (Springer-ის გამომცემლობა). გარდა ამისა, პოლ გიბსის რედაქტორობით გამოიცა არაერთი სამეცნიერო კრებული განათლების კვლევებში (მათ შორის, Thinking about higher education (რონალდ ბარნეტთან ერთად) და Contemporary thinking on transdisciplinary knowledge (ელისონ ბივისთან ერთად). საერთო ჯამში, პოლ გიბსს გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მას ეკუთვნის რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოკვლევა უმაღლესი განათლების ფილოსოფიაში, რომელთაგან აღსანიშნავია „უნივერსიტეტის ნდობა“ (2004 წ.) და „რატომ უნდა ესწრაფოდნენ უნივერსიტეტები ბედნიერებასა და კმაყოფილებას“ (2017 წ.). პოლ გიბსი, ასევე, არის „უმაღლესი განათლების ფილოსოფიისა და თეორიის კვლევის საზოგადოების“ (Philosophy and Theory of Higher Education Society) დამფუძნებელი საბჭოს წევრი.