2021 წლის 20-24 ნოემბერს ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა ვორქშოპი ჰიდროენერგეტიკის საკითხებზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის. ვორქშოპის მონაწილეები გაეცვნენ ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და ლაბორატორიულ პოტენციალს, ბიბლიოთეკას, ეწვივნენ ჰიდროელექტროსადგურებს და სხვ.
ვორქშოპი გაიმართა პროექტის „ჰიდროენერგეტიკის სფეროში პროფესიული პოტენციალის გაძლიერება“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის რექსპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტების პოტენციალის ამაღლების პროგრამის ფარგლებში. ეს უკვე მეორე პროექტია, რომელიც ხორციელდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის ჩართულობით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში. მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს ჰიდროენერგეტიკის სწავლების სრულყოფას აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა პროფესიული პოტენციალის ამაღლების გზით.
პროექტის ხელმძღვანელმა პეტრ ნოვაკმა და პროექტის ერთ-ერთმა წამყვანმა სპეციალისტმა ევა ბილკოვამ (ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ვორქშოპის ორგანიზებაში, რათა ის სასარგებლო და საინტერესო ყოფილიყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებისათვის.