2021 წლის 26 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტს დიდი პატივი ხვდა წილად, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის საქართველოში ბატონ პეტრ მიკისკას ვიზიტით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საელჩოს წარმომადგენლები: მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იანა გასპარიკოვა, განვითარების კოოპერაციის ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა, განვითარებისა და თანამშრომლობის კოორდინატორი ლელა ბერძული, ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი სვანიძე.
2020 წლიდან ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი, როგორც ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი, ჩართულია პროექტის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული პოტენციალის გაძლიერებას ჰიდროენერგეტიკის სფეროში. აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება ჩეხეთის რექსპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტების პოტენციალის ამაღლების პროგრამის ფარგლებში.
ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი და მხარდამჭერია „ენერგო-პრო ჯორჯია“, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროექტის საქმიანობაში. როგორც ცნობილია, „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამსაქმებელი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა, საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანმა ომარ კიკვიძემ, უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა თეა კორძაძემ, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა ომარ ზივზივაძემ, პროექტის თანაკოორდინატორმა ქეთევან ცხაკაიამ და დეპარტამენტის აკადემიურმა პერსონალმა.
ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და მისი თანმხლები პირები გაეცვნენ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე პროექტის ფარგლებში ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწეულ შედეგებს. უნდა აღინიშნოს, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილი ქართველი სტუდენტების პროფესიული პოტენციალის ამაღლების, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით გაძლიერების მიზნით.
პროექტის ხელმძღვანელია პეტრ ნოვაკი, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. პროექტის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია ევა ბილკოვა (ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი).
თანამშრომლობა ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტთან კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს უსახავს ქართველ სტუდენტებსა და აკადემურ პერსონალს.