საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ჩატარდა სტუ-ს 100 წლის და იმს ფაკულტეტის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ჰაკათონი IOT ტექნოლოგიებში. ჰაკათონის ორგანიზატორი: ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი, ბატონი შალვა კვირკველია.
ჰაკათონში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტების გუნდებთან ერთად მონაწილეობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი. გუნდის წევრები: ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მაგისტრანტი ირაკლი რობაქიძე, საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტები გიორგი ჩხიკვაძე და ზურაბ გერაძე. გუნდის ხელმძღვანელი და მენტორი: ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის ასოც. პროფესორი ზაზა პაპიძე. გუნდმა განახორციელა პროექტი: ,,გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმომჩენი რობოტი, რობოტი-ექთანი“.
ჰაკათონი 28 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 22 მაისს შედგა შესრულებული პროექტების პრეზენტაცია და 7 წევრისაგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის ასოც. პროფესორი ზაზა პაპიძე, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული გუნდები გამოავლინა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა პირველი ხარისხის მედალი დაიმსახურა. გარდა ამისა გუნდი გამარჯვებულად გამოცხადდა ორ ნომინაციაში: ,,იდეის ორიგინალობა“ და ,,პრეზენტაციის უნარი“.