აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო - ტექნიკური ფაკულტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი მონაწილეობს პროექტში „ჰიდროენერგეტიკის სფეროში პროფესიული პოტენციალის გაძლიერება“. პროექტს ახორციელებს ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის რექსპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტების პოტენციალის ამაღლების პროგრამის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს პროფესიული პოტენციალის გაძლიერებას ჰიდროენერგეტიკის სფეროში და ჰიდროენერგეტიკის სწავლების მეთოდების გაუმჯობესებას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2022 წლის 6 ივნისიდან 11 ივნისამდე პრაღაში, ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში ორგანიზებული იყო ჰიდროენერგეტიკის საზაფხულო სკოლა, რომელშიც მონაწილეობდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო - ტექნიკური ფაკულტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის სტუდენტები: გაბრიელ ქარციძე, ივერი ხუსკივაძე, დავით ბირბიჩაძე, დავით მაჭავარიანი, რეზი აფხაძე და ბეჟანი დანგაძე. საზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობდნენ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზაზა პაპიძე და მოწვეული პედაგოგი, ინჟინერიის დოქტორი დავით ძაძამია.
სტუდენტებმა და მასწავლებლებმა იმუშავეს მიკროჰესების დაპროექტების საკითხებზე, მოინახულეს პრაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, ჩაატარეს საცდელი ექსპერიმენტები ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროენერგეტიკულ ლაბორატორიებში, დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო აუდიტორიები და ბიბლიოთეკა.
სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული საზაფხულო სკოლის მუშაობაში, წარადგინეს პრეზენტაციები ჰიდროენერგეტიკისა და ელექტროენერგეტიკის საკითხებზე, წარმატებით შეასრულეს ყველა დავალება, რისთვისაც მათ გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. აქტიური მუშაობისათვის ექვსივე სტუდენტმა მიიღო წამახალისებელი ერთჯერადი სტიპენდია. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.
პროექტის ფარგლებში, სამაგისტრო დისერტაციების მომზადების მიზნით, ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ ასევე ელექტროენერგეტიკული მრეწველობის ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები დავით ფუტკარაძე და თორნიკე ფარჯიანი. მათი სამაგისტრო დისერტაციების დაცვა დაგეგმილია მიმდინარე წლის სექტემბერში.