აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ევროპის მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის“ ფარგლებში საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტში გაიმართა კონფერენცია თემაზე: ,,განახლებადი ენერგიის წყაროები: არსებული მდგომარეობა და გამოწვევები“. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი. მოხსენება „განახლებადი ენერგიების როლი განვითარების თანამედროვე ეტაპზე“ ზაზა პაპიძემ წარადგინა, „მიკრო ჰიდროელექტროსადგურების შესაძლებლობებზე საქართველოში“ დავით ფუტკარაძემ, ხოლო ,,ქალაქების წყალმომარაგების სისტემებში ჰიდროელექტროსადგურების ინტეგრირების შესახებ“ თორნიკე ფარჯიანმა ისაუბრა. კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის დაწყებამდე სტუმრები გაეცვნენ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების სასწავლო-ლაბორატორიულ რესურსებს. წარმოდგენილი იყო მზის მიკრო ელექტროსადგური, ქარის ტურბინის მოდელი, სმარტ სახლის მაკეტი, მზის ქალაქის მოდელი.
ღონისძიება „ევროპის მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის“ ფარგლებში ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შემუშავებული „მუნიციპალიტეტის გარდაქმნის პორტფელით“, ქუთაისის მერიის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ პარტნიორობით ჩატარდა.